ჯეისონ სტეტჰემმა თავისი რევოლუციური იტალიური სპორტქარი გამოაჩინა | Lambo-ს ღირებულება $2 მილიონს აჭარბებს
ინგლისელმა მსახიობმა ჯეისონ სტეტჰემმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამომწერებს თავისი ახალი შენაძენის, Lamborghini Miura-ს თვითმფრინავთან ერთად გადაღებული ფოტოები შესთავაზა. ამ კადრებით კი მსახიობმა იდეალურად გადმოსცა ორი მარადიული მოდელის ელეგანტურობა და ქარიზმა. ამ წყვილის გვერდიგვერდ განთავსებით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ვინტაჟური ინჟინერიისა და დიზაინის მუდმივ მიმზიდველობას.
ასევე დაგაინტერესებთ: ტყვე, რომელმაც Lamborghini შექმნა
Lamborghini Miura-მ, რომელიც ლეგენდარულმა იტალიურმა ავტომწარმოებელმა 1966 წელს წარადგინა, სუპერქარების სამყაროში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. Miura-ს მთავარი ინოვაცია მხოლოდ ის კი არ იყო, რომ ძრავა ცენტრში ჰქონდა, არამედ ის, რომ ეს უზარმაზარი V12 ძრავა განთავსებული იყო განივად, რაც იმ დროისთვის სუპერქარებში უპრეცედენტო მოვლენა გახლდათ. სილამაზის, ინოვაციისა და შესრულების კომბინაციამ სრულად შეცვალა წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო რეალურად ნამდვილი, მაღალი ხარისხის სპორტული ავტომობილი.

დღეისათვის, Miura მდიდარ კოლექციონერთა სასურველი ნივთების სიაშია. გამორჩეული ეგზემპლარებით, ამ საკოლექციო მოდელის ღირებულება მილიონიან ნიშნულს დიდი ხანია რაც გასცდა. ეს კონკრეტული შედევრი კი, რომელიც ახლა სტეტჰემის ავტოფარეხში დაიდებს ბინას, სავარაუდოდ, $2 მილიონზე მეტი ღირს.

Miura ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული Lambo და, შეიძლება ითქვას, იტალიური მოდელიცაა. Miura-ს ტექნიკური დიზაინი ჯან პაოლო დალარას და პაოლო სტანცანის ეკუთვნით — იტალიური ინჟინერიის ორ მძიმეწონიან ფიგურას. ძარის დიზაინი კი ბერტონეს მიანდეს. ამ უკანასკნელმაც შექმნა საწარმოო ხაზი, რომელიც მალევე ლეგენდარული გახდა. ძრავა, რომელიც Miura-ს ცენტრალურ ნაწილში განათავსეს, 3.9-ლიტრიანი ატმოსფერული V12 გახლავთ, რომელიც 350 ცხენის ძალას გამომუშავებს და სიმძლავრეს, მექანიკური გადაცემათა კოლოფით, უკანა ბორბლებზე ანაწილებს.