კალიფორნიულ მაგისტრალებზე საცობების არიდება სენსორებისა და მათემატიკის პასუხისმგებლობა იქნება
საცობები, ალბათ, თითოეული მძღოლისათვის მნიშვნელოვანი პრობლემაა, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით გაგიჭირდებათ მოიძიოთ ადგილი, სადაც შეფერხებული მოძრაობა იმაზე მეტად აწუხებთ, ვიდრე კალიფორნიაში. ამ პრობლემის შემსუბუქება, როგორც წესი, მოიცავს დამატებით ზოლებს, ასობით მილიონ დოლარს გადასახადის გადამხდელების ჯიბიდან და საგზაო მშენებლობებს, რომლებიც მოძრაობას კვირების ან თვეების განმავლობაში კიდევ უფრო აფერხებს. შესაბამისად, მზიან შტატში აპირებენ, სრულიად განსხვავებული რამ გამოცადონ და ეს ყველაფერი ზოგიერთი ავტომობილის სრული გაჩერებით იწყება.
ტემეკულასა და მურიეტას შორის ჩრდილოეთით მიმავალი მე-15 ავტომაგისტრალის (I-15) 8-მილიან მონაკვეთზე, ოფიციალურმა პირებმა აამუშავეს ის, რასაც ისინი შტატის პირველ „ჭკვიან ავტომაგისტრალს“ უწოდებენ. გზის გაფართოების ნაცვლად, ეს 33 მილიონი დოლარის ღირებულების საპილოტე პროექტი იყენებს სენსორებს, კოორდინირებულ შუქნიშნებსა და კომპიუტერულ ალგორითმებს, რათა გააკონტროლოს, თუ როგორ შედიან სატრანსპორტო საშუალებები ავტომაგისტრალზე.
საპილოტე პროგრამის ხანგრძლივობა ორი წელია და შტატში აცხადებენ, რომ წარმატების შემთხვევაში, ისინი ითანამშრომლებენ Caltrans-თან (კალიფორნიის ტრანსპორტის დეპარტამენტი), რათა სისტემა რივერსაიდის ოლქის სხვა ლოკაციებზე და, შესაძლოა, კალიფორნიის სხვა ადგილებშიც დანერგონ.
SF Gate-ის თანახმად, I-15-ის მონაკვეთს რივერსაიდ-სან დიეგოს ოლქის საზღვარსა და I-215-ის სატრანსპორტო კვანძს შორის, იდეალურ პირობებში მგზავრობისთვის 10 წუთზე ნაკლები სჭირდება, თუმცა ნაშუადღევს მძღოლები აქ ხშირად 25-დან 45 წუთამდე დროს ატარებენ..
იმის ნაცვლად, რომ ავტომობილები მაგისტრალზე ფიქსირებული ინტერვალებით გაუშვან, ტემეკულა პარკვეის, რანჩო კალიფორნია როუდისა და ვინჩესტერ როუდის შესასვლელებთან არსებული შუქნიშნები ახლა ერთად, კოორდინირებულად მუშაობენ. სენსორები რეალურ დროში აკონტროლებენ მოძრაობის პირობებს, ხოლო ალგორითმები განსაზღვრავენ, თუ რამდენი ავტომობილი უნდა შევიდეს ავტომაგისტრალზე და როდის. ციფრული ნიშნები ასევე აჩვენებენ რეკომენდებულ სიჩქარეებს, რაც მიზნად ისახავს ნაკადის სტაბილურობის შენარჩუნებას და იმ წყვეტილი „მუხრუჭი-აქსელერაციის“ ტალღების შემცირებას, რომლებიც ხშირად იწვევს დიდ საცობებს.

მიუხედავად ზოგიერთი სათაურისა, რომლებიც პროექტს წარმოაჩენენ, როგორც ხელოვნური ინტელექტის მიერ მართულ საგზაო მოძრაობას, RCTC აცხადებს, რომ ეს ასე არ არის. სააგენტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სისტემა ეყრდნობა წინასწარ დაპროგრამებულ საგზაო მოძრაობის მართვის ტექნოლოგიას და არა ხელოვნურ ინტელექტს.
აღნიშნული მეთოდი წარსულში დენვერში გამოიცადა და აღმოჩნდა, რომ სისტემა მგზავრობის დროს დაახლოებით 20% ამცირებს.