გაყიდვების 10 000-იან ნიშნულამდე მისაღწევად ევროპაში BMW iX3-ს მხოლოდ 2 თვე დასჭირდა
ახალი iX3 თანდათან უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მოდელმა ევროპაში წელი იმდენად ძლიერად დაიწყო, რომ ხელი პრემიუმ საშუალო ზომის SUV-ების სეგმენტში გაყიდვების საერთო ზრდასაც კი შეუწყო.
ასევე იხილეთ: BMW-ს ბურუსით მოცული წარსული და აქამდე უცნობი ფაქტები
BMW-მ მეორე თაობის iX3-ის ევროპული მიწოდება მიმდინარე წლის მარტში დაიწყო, მისი წარდგენიდან ექვსი თვის შემდეგ. ბაზრის მკვლევარ Dataforce-ის მონაცემებით, რომელიც Autonews-მა გააზიარა, ბავარიულმა ავტომწარმოებელმა აპრილის ბოლოსთვის უკვე 10 299 ეგზემპლარი გაყიდა. ეს საკმარისი აღმოჩნდა ჩინური Polestar 4-ისათვის გადასასწრებად, რომლის გაყიდვებმაც 8 925 ერთეული შეადგინა — თანაც გასათვალისწინებელია ისიც, რომ Polestar-ს უპირატესობა ჰქონდა — ის ოთხივე თვის განმავლობაში იყიდებოდა, ხოლო BMW-ს მონაცემებში მხოლოდ მარტი და აპრილი ითვლებოდა.


ახალი iX3 გაყიდვებით ძალიან მიუახლოვდა Audi Q6 e-tron-საც, რომელმაც წლის პირველ ოთხ თვეში 12 536 გაყიდვა დააფიქსირა. აუდის მაჩვენებელი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 23 პროცენტით არის შემცირებული და რადგან უპირატესობა ახლა ბავარიელების მხარესაა, BMW, ალბათ, მალე დაწინაურდება.
ამავე პერიოდში ბაზარზე iX3-ის უშუალო კონკურენტიც ჩაერთო — სრულად ელექტრო Mercedes-Benz GLC — თუმცა მისი მონაცემები ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. Mercedes-ის ხელმძღვანელმა, ოლა კალენიუსმა განაცხადა, რომ შეკვეთების ჟურნალი წლის ბოლომდე სავსეა. GLC კვლავ ლიდერობს პრემიუმ საშუალო ზომის SUV-ების საერთო გაყიდვებს 41 227 ერთეულით, რაც, დიდი ალბათობით, მოიცავს როგორც შიგაწვისძრავიან, ისე ელექტრო მოდელებს. მას მოსდევს შიგაწვისძრავიანი BMW X3, იანვრიდან აპრილის ჩათვლით გაყიდული 28 389 ერთეულით.

წლის დასაწყისში ბავარიელებმა გაგვიმხილეს, რომ iX3-ზე უკვე 50 000-ზე მეტი შეკვეთა იყო შესული. დიდი მოთხოვნის გამო, კომპანიამ თებერვალში დებრეცენის ქარხანაში მეორე ცვლაც კი დაამატა. უახლოეს თვეებში ავტომობილის მიწოდება აშშ-სა და აზიაშიც დაიწყება. BMW ასევე აღნიშნავს, რომ iX3-ის ყოველი სამი მყიდველიდან ერთი ბრენდისთვის ახალია და მანამდე ბიემვი არასდროს ჰყოლია.