მერსედესი, მერსედეს ეიემჯი, მერსედეს-ბენცი ჯიელი, მერსედეს ეიემჯი ჯიელი 63
Aa
Aa

ახალი GLE 63 და GLS 63 კვლავ მძლავრი V8 ძრავებით დაბრუნდნენ

საუბარი იმის შესახებ, რომ V8 ძრავა უკვე წარსულს ჩაბარდა, ზედმეტად გაზვიადებულია. რაც ზუსტად ვიცით კი, ისაა, რომ Mercedes-Benz-მა გადახედა თავის, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო გეგმას და საბოლოოდ, გადაწყვეტილება კვლავ V8 ძრავების სასარგებლოდ მიიღო. გერმანელთა ავტოფარეხში V8 ძრავა კვლავ ცოცხალია და უახლესი AMG GLE 63 S Coupe და GLS 63 სწორედ ამის დასტურია.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ დაიბადა პირველი AMG?

ეს ორი მაღალი დონის SUV გერმანულმა კომპანიამ თითქმის სრულად შეცვლილი შემოგვთავაზა. თუმცა აქ მთავარი მაინც ის მძლავრი V8 ძრავაა, რომელიც Mercedes-ების განახლებული ექსტერიერების მიღმა იმალება. მძლავრი V8-ის ელექტრიფიკაციასთან შერწყმით კი ზუსტად ისეთ მართვის შესრულებას გვთავაზობენ, რასაც AMG-ის მფლობელები ელიან.

ორივე სუპერ SUV-ის გული განახლებული 4-ლიტრიანი V8 ძრავაა, რომელიც 603 ცხენის ძალასა და 850 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. გერმანულმა ავტომწარმოებელმა ეს ძრავა გადაამუშავა, რათა უფრო სწრაფი და კარგად რეაგირებადი აგრეგატი მიეღო. ახალმა ბრტყელმა მუხლა ლილვმა ინერციული მასა შეამცირა, რაც ძრავას ბევრად თავისუფლად ბრუნვის საშუალებასაც აძლევს. ამას დაუმატეთ გაუმჯობესებული შემშვები სისტემა და ტურბინები, რომლებმაც ავტომობილის ეფექტიანობა კიდევ უფრო გაზარდა.

ამ ისედაც მძლავრ მექანიზმს კი 48-ვოლტიანი mild-ჰიბრიდ სისტემაც დაუყენეს, განახლებული სტარტერ-გენერატორით. ეს ყოველივე ავტომობილს დამატებით 23 ცხენის ძალასა და 205 ნმ-ს აწვდის და, განსაკუთრებით დაბალ სიჩქარეზე და დაძვრისას, მანქანას ბევრად ეფექტიანს ხდის. რა თქმა უნდა, ეს სრულფასოვანი ჰიბრიდი არაა და AMG-საც სურს, რომ მძღოლმა თავი ჰიბრიდში არ იგრძნოს.

ამ ელექტრიფიცირებული V8 ძრავის წყალობით, GLE 63 S 0-დან 100 კმ/სთ-მდე სულ რაღაც 3.6 წამში ჩქარდება, ხოლო უფრო მასიური GLS 63 ამავე ნიშნულს 3.9 წამში აღწევს. ორივე მოდელის შემთხვევაში მაქსიმალური სიჩქარე ელექტრონულადაა შეზღუდული და 280 კმ/სთ-ზეა.

Mercedes-ი ორივე მოდელის სტანდარტულ კონფიგურაციაში AMG Ride Control+-ს გვთავაზობს, რომელიც AMG Active Ride Control-ის მეშვეობით მუშაობს. დაამატეთ ამას სრულად ცვლადი სრული ამძრაობის სისტემა AMG Performance 4MATIC+ და უკანა ღერძის ელექტრონულად ბლოკირებადი დიფერენციალი — შედეგად მივიღებთ ავტომობილს, რომელიც სწორედ შესრულებისთვისაა შექმნილი.

ვიზუალურად, GLE და GLS 63 მოდელებისთვის გერმანელებმა ბევრად უფრო კონსერვატიული მიდგომა აირჩიეს. პროპორციები უცვლელი რჩება, წინ კი AMG-ისთვის დამახასიათებელ ცხაურს, LED-განათებებსა და გაზრდილ შემშვებებს ვხედავთ, რაც ძრავას უკეთეს გაგრილებაში ეხმარება. ხოლო უკანა მხარეს ჩვენს ყურადღებას გამონაბოლქვი სისტემა, შეცვლილი დიფუზორი და GLS-ის 10-სპიციანი ექსკლუზიური დისკები იპყრობს.

რაც შეეხება ინტერიერს, აქ დიდი ზომის ეკრანები, AMG-სპეციფიკური გრაფიკა და პერსონალიზაციის ფართო არჩევანი უნდა ელოდოთ. უახლეს AMG Performance-ის საჭეზე მართვის რეჟიმებისთვის განკუთვნილი გადამრთველებია დამატებული, ხოლო MB.OS პროგრამული უზრუნველყოფა კი მძღოლებს რეალურ დროში აწვდის მონაცემებს.

განახლებული AMG GLE 63 S და GLS 63 მოდელები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ AMG-ის V8 სიმძლავრის, სიმბოლური ელექტრიფიკაციისა და უმაღლესი დონის ფუფუნების სიმბოლოა. ფასი ჯერ ცნობილი არაა, თუმცა ფაქტია, რომ AMG-ის ამ ფლაგმანების შეძენა იაფი სიამოვნება ნამდვილად არ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები