არმან ცარუკიანი RAM-ისგან 15%-იან ფასდაკლებას ითხოვს
ვაშინგტონში, თეთრი სახლის სამხრეთ გაზონზე გამართული საოცარი ივენთის — UFC Freedom 250-ის ექო ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა. ჯასტინ გეიჯი ახალ პიკაპს მიიღებს, თანაც სრულიად უფასოდ. ეს საჩუქარი მას არმან ცარუკიანმა აღუთქვა, რომელმაც ამ ბრძოლაზე ასტრონომიული ფსონი დადო და 5.7-მილიონი მოიგო.
შეგახსენებთ, რომ გეიჯიმ ილია თოფურიასთან დაპირისპირებაში, სამწუხაროდ, ნამდვილი სენსაცია მოახდინა — მეოთხე და მეხუთე რაუნდებს შორის ილიას კუთხემ ბრძოლა გააჩერა, რის შედეგადაც ჯასტინმა მსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი მოიპოვა და ბონუსების სახით დამატებით $825 000 გამოიმუშავა. ცარუკიანმა, რომელიც რეიტინგში მეორე ნომერია, გეიჯის, როგორც აუტსაიდერის გამარჯვებაზე შვიდნიშნა თანხა გარისკა. ცნობილ ჟურნალისტ არიელ ჰელვანისთან საუბარში მან დაადასტურა, რომ პირობის შესრულებას აპირებს: „რა თქმა უნდა, ვუყიდი პიკაპს. ახლახან გადავამოწმე, რა ფერი ურჩევნია,“ — ციტირებს ცარუკიანის სიტყვებს MMA Mania.
UFC Freedom 250-ის შემდგომ პრესკონფერენციაზე გეიჯიმ პირდაპირ დააფიქსირა თავისი სურვილი: „ახალი პიკაპი მჭირდება. Ram-ს ვისურვებდი, ნამდვილად მოვიდა განახლების დრო. ჩემი ამჟამინდელი მანქანა 2020 წლისაა — ტონი ფერგიუსონის დამარცხების შემდეგ ვიყიდე და უკვე 65 000 მილი აქვს გარბენი, ასე რომ, ველოდები საჩუქარს.“ ცარუკიანმა აღნიშნა, რომ პირობას ივლისში დაგეგმილი ორი Real American Freestyle-ის მატჩის დასრულებისთანავე შეასრულებს.
„დენა უაითმაც მითხრა, Ram უყიდეო, ასე რომ, Ram-ს ვუყიდი. ეს ბრენდი UFC-ის ოფიციალური სპონსორია და იქნებ ფასდაკლებაც გამიკეთონ, ერთი 10 ან 15 პროცენტი. თუმცა, რომც არ დამიკლონ, არაა პრობლემა, ჩემთვის ეს თანხა ახლა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს,“ — დაამატა სომეხმა მებრძოლმა.
თუ ახალი ჩემპიონი ქამრის დაცვას გადაწყვეტს, მის სავარაუდო მეტოქეთა შორის ცარუკიანიც განიხილება.