Tesla-ს მძღოლები ავტოპილოტს მესისა და რონალდუს $10-იანი სათამაშოებით ატყუებენ
საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი კომპანია კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის მსგავს ფიგურებს ყიდის, რომლებსაც Tesla-ს სალონის კამერას შეცდომაში შეჰყავს.
როგორც ირკვევა, Tesla-ს მძღოლის მონიტორინგის სისტემის მოტყუება იმაზე მარტივია, ვიდრე რომელიმე ჩვენგანს წარმოედგინა. თუმცა, რა თქმა უნდა, ავტომობილის უსაფრთხოების სისტემის შეცდომაში შეყვანა, პირველ რიგში, ჩვენივე უსაფრთხოებისთვისაა საფრთხის შემცველი და შესაძლოა კატასტროფული შედეგებითაც დასრულდეს. შესაბამისად, ეს პრაქტიკა, რომელიც ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, წახალისებული არ უნდა იყოს.

ამ საქმისთვის მძღოლები სულ რაღაც $10-დან $40-მდე ღირებულების მინიატურულ სათამაშოებს იყენებენ, რომლებსაც ზოგჯერ ლიონელ მესის, ზოგჯერ კი კრიშტიანუ რონალდუს მიმსგავსებული გარეგნობა აქვთ. პლასტმასის მინიატურული თოჯინის თავები, რომლებიც Tesla-ს სისტემას არწმუნებს, რომ მძღოლი სრული ყურადღებით მართავს ავტომობილს, თავად Tesla-ს ერთ-ერთმა მფლობელმა შექმნა და გაყიდვაში ჩაუშვა.
როგორ მუშაობს „ხრიკი“: Tesla პატარა ზომის კამერას იყენებს, რომელიც უკანა ხედვის სარკის ზემოთაა დამონტაჟებული. თუმცა, ჩინეთში მფლობელებმა აღმოაჩინეს, რომ თუ ამ კამერის წინ, საქარე მინაზე ვაკუუმის სამაგრით თოჯინის პატარა თავს დაკიდებენ, ეს საკმარისი იქნება სისტემის მოსატყუებლად, რადგან ის სათამაშოს რეალურ ადამიანად აღიქვამს.
View this post on Instagram
გამოცემა Wired-ს Tesla Model 3-ის ერთ-ერთმა მფლობელმა განუცხადა, რომ ამ მეთოდით დაახლოებით 30 წუთი იმგზავრა ისე, რომ ავტოპილოტისგან ყურადღების გაფანტვაზე არანაირი გაფრთხილება არ მიუღია.
საინტერესოა, რომ ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი წლებია კრიტიკის ობიექტი იყო იმის გამო, რომ მის ავტომობილებს მძღოლის მონიტორინგის სისტემა არ ჰქონდათ. ახლა კი, როდესაც Tesla მომხმარებელს ამ ფუნქციასაც სთავაზობს, მძღოლები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სისტემა მოატყუონ და მანამ, სანამ ელექტრომობილი ავტოპილოტის რეჟიმშია, გამოძინება მოასწრონ.
View this post on Instagram
Digital Trends-ის ინფორმაციით, მინიატურული თოჯინები არ არის ერთადერთი გზა, რომლითაც ჩინეთში — სადაც სულ ახლახან Tesla-მ სრულად თვითმართვადი სისტემა გაუშვა — ელექტრომობილების მონიტორინგის სისტემას ატყუებენ. სხვებმა კამერის წინ პატარა ზომის ეკრანების განთავსება დაიწყეს, რომლებიც ვიდეოჩანაწერს ატრიალებენ და ადამიანის სახეს კამერას იმ დროს აჩვენებენ, როდესაც ის მოძრაობაშია ან თვალებს ახამხამებს.