ვიდეოთამაში, გრანდ სიფთ აუტო, ჯეტეა
Aa
Aa

GTA 6-ის გამო ერთმა ავტოკომპანიამ მუშაობა შეაჩერა და თანამშრომლები დაითხოვა

Grand Theft Auto VI (GTA 6)-ის გამოშვებას ლეგენდარული თამაშის მოყვარულები წლებია უკვე, რაც მოუთმენლად ელოდებიან. ეს ხანგრძლივი ლოდინი კი, საბოლოოდ, მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება. თამაშის შემქმნელებმა არაერთგზის დაადასტურეს, რომ GTA-ს მეექვსე ნაწილი დათქმულ დროს გამოვა.

ასევე იხილეთ: ლოდინი დასრულებულია | Take-Two-მ დაადასტურა, რომ GTA წელს გამოვა

შესაძლოა ზოგისთვის ეს თარიღი ერთი ჩვეულებრივი დღე იყოს, თუმცა GTA-ს მოყვარულებისთვის ეს იმდენად მასშტაბურია, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ ის დასვენების დღედაც გამოაცხადა. Burger Motorsports-ის თანამშრომლები და სრულად კომპანია მხოლოდ ერთი დღით მუშაობას შეაჩერებს მხოლოდ იმისთვის, რომ თანამშრომლებმა ახალი ვიდეოთამაშის მშვიდად გამოცდა შეძლონ.

Burger Motorsports-მა მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებას და თანამშრომლებს სოციალური ქსელის საშუალებით ამცნო. როგორც კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათ თანამშრომლების განრიგებს გადახედეს და მიხვდნენ, რომ 19 ნოემბერს ოფისში ისედაც თითქმის არავინ დარჩებოდა.

„თანამშრომელთა განრიგების გადახედვის შემდეგ მენეჯმენტმა დაადგინა, რომ Grand Theft Auto VI-ის გამოშვებამ, შესაძლოა, სტანდარტული ბიზნესსაქმიანობის შეფერხება გამოიწვიოს. გუნდის რამდენიმე წევრმა მენეჯმენტს უკვე აცნობა, რომ 19 ნოემბერს ისინი დღის განმავლობაში მიუწვდომლები და/ან „Vice City“-ში იქნებიან“.

კომპანიის განმარტებით, GTA 6-ის პრემიერის დღეს აბსოლუტურად ყველა სერვისი პარალიზებული იქნებოდა: მომხმარებელთა მხარდაჭერა, შეკვეთების დამუშავება, მიწოდება, საინჟინრო საქმე, სოციალური მედია და ზოგადი პროდუქტიულობაც კი. გამომდინარე აქედან, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, პროცესები ოფიციალურ დონეზე დაეპაუზებინა.

მემორანდუმში ასევე ნათქვამია, რომ სტანდარტული მუშაობის გრაფიკი განახლდება მას შემდეგ, რაც თანამშრომლები „დაასრულებენ თამაშის პირველად შესწავლას, გაივლიან მინიმუმ ერთ მისიას და, რა თქმა უნდა, რეალობას დაუბრუნდებიან“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები