ელექტრომობილები, ფორდი, ფორდ მუსტანგი, ფორდ მუსტანგ მაქ-ი
Aa
Aa

სავარაუდოდ, Mustang Mach-E-ის მეორე თაობა აღარ გამოვა

საავტომობილო ინდუსტრიაში, სადაც ელექტრომობილების ბაზარი მუდმივად ტრანსფორმირდება, დიდი სიახლეები გვაქვს. Ford-ის ახალმა სტრატეგიამ, რომელიც Universal EV (UEV) პლატფორმის ირგვლივ იგება, შესაძლოა ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მოდელის — Mustang Mach-E-ის ეპოქის დასასრული მოასწაოს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ამ ეტაპზე რადიკალურ გადაწყვეტილებას ოფიციალურად არ ადასტურებს, კულუარული მინიშნებები საკმაოდ მკაფიოა.

ასევე იხილეთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს

მას შემდეგ, რაც F-150 Lightning ამერიკული ბაზრიდან დროებით თუ სამუდამოდ გაქრა, Mach-E დარჩა ერთადერთ ელექტრომობილად, რომელსაც ბრენდი აშშ-ში ყიდის. ცნობილია, რომ არსებული მოდელი მინიმუმ 2027 წლამდე შენარჩუნდება, ხოლო წინა წლის ანგარიშებით, მისი რაიმე მნიშვნელოვანი განახლება 2030 წლამდე არ იგეგმებოდა. თუმცა, დღეს ეს გეგმაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

სუფთა ფურცლიდან: UEV არქიტექტურა და Mach-E-ის ბედი

ახალი საწარმოო ხაზის პრომო-კამპანიის ფარგლებში, Ford-ის წარმომადგენლებმა ფანების კითხვებს უპასუხეს. ერთ-ერთი მთავარი კითხვა სწორედ იმას ეხებოდა, დაეფუძნებოდა თუ არა მომავალი თაობის ელექტრო-მუსტანგი ამ ახალ არქიტექტურას. პასუხი მოულოდნელად პირდაპირი აღმოჩნდა: „არა, ის არ იქნება გამოყენებული Mustang Mach-E-სთვის. ეს პლატფორმა შეიქმნა აბსოლუტურად სუფთა ფურცლიდან, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს ავტომობილის ეფექტურობა.“ — განაცხადეს კომპანიაში.

როგორც გამოცემა Ford Authority აღნიშნავს, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ჯიმ ფარლიმ აღიარა, რომ Ford-მა ელექტრომობილების პირველი თაობის (მათ შორის Mach-E-ის) შექმნისას „არასწორი გზა“ აირჩია. პირველი თაობა მეტწილად შიგაწვისძრავიანი პლატფორმების ადაპტაციასა და კომპრომისებს ეფუძნებოდა, რაც ზრდიდა წონას და ამცირებდა ენერგოეფექტურობას.

ახალი Universal EV პლატფორმა კი სრულიად სხვა ფილოსოფიით არის შექმნილი. პირველად მას კომპაქტური ელექტრო პიკაპი მოირგებს, რომელიც ცოტა ხნის წინ ამერიკის გზებზე ტესტირებისას უკვე შეამჩნიეს. ამის შემდეგ პლატფორმა ბრენდის არაერთ სხვა მოდელზე გავრცელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები