ცნობილმა ჰაკერმა კაცს, რომელმაც ციხეში გაუშვა, ოცნების მანქანის საყიდი ფული დაუტოვა
თუკი თუნდაც მცირედით მაინც ხართ ავტომოყვარული, გულში აუცილებლად გექნებათ დამალული რომელიმე გიჟური ფანტაზია, თუ როგორ გჩუქნიან ოცნების მანქანას. მაგალითად, ხვდებით განრისხებულ განქორწინებულ ქალს, რომელიც ყოფილი ქმრის უძვირფასეს სპორტქარს სუფთა ბოღმის გამო უფასოდ გითმობთ, ან გზაზე საბურავის შესაცვლელად უცნობს უჩერებთ, ის კი მილიარდერი აღმოჩნდება და მადლობის ნიშნად ზუსტად თქვენთვის სასურველი კომპლექტაციის მანქანას გიძღვნით, რომელიც მაინც ავტოფარეხში „უგდია“ და იმტვერება.
ასევე იხილეთ: Porsche-ს შემაშფოთებელი ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები
რამდენადაც არ უნდა გვინდოდეს, რომ ეს სცენარები რეალური იყოს, ცხოვრებაში მსგავსი რამ თითქმის არასდროს ხდება, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს და ეს სწორედ ასეთი შემთხვევაა.
ამ ამბის გასაგებად ორი სახელი უნდა იცოდეთ. პირველი კევინ მიტნიკია — ლეგენდარული ჰაკერი, რომელიც მოგვიანებით უსაფრთხოების წამყვან კონსულტანტად და თანამედროვე ჰაკინგის ერთ-ერთ ფუძემდებლად იქცა. მიტნიკმა სახელი ჯერ კიდევ 1979 წელს გაითქვა, როდესაც ერთ-ერთი პროგრამული კომპანიის სერვერზე შეაღწია და მათი ახალი ოპერაციული სისტემის კოდი სრულად მოიპარა.

იტორიის მეორე მხარეს კი შონ ნანლი დგას. 90-იან წლებში ნანლი ტექნოლოგიურ კომპანია Novell-ში მუშაობდა, რომელიც კორპორატიულ პროგრამულ უზრუნველყოფასა და სერვერულ სისტემებს აწარმოებდა. მათი უმთავრესი პროდუქტი NetWare იყო, რომელიც უამრავი სამთავრობო, კორპორატიული და აკადემიური ქსელის ხერხემალს წარმოადგენდა. ბუნებრივია, ეს მიტნიკისთვის საინტერესო ლუკმა აღმოჩნდა. ნანლი იხსენებს, რომ იმ პერიოდში შენობაში ტელეფონები საეჭვოდ, თანმიმდევრობით რეკავდა, რაც ე.წ. War Dialing-ის (ნომრების ავტომატური გადარჩევის) ნიშანი იყო. გუნდი ხვდებოდა, რომ მათ ქსელზე მიზანმიმართული შეტევა ხორციელდებოდა.
ერთ ღამეს, ნანლის სახლში ტელეფონმა დარეკა. ზარების ავტორი თავს Novell-ის თანამშრომლად, გეიბ ნოლტად ასაღებდა და ქსელზე პირდაპირ, შიდა მოდემურ წვდომას ითხოვდა, რაც უსაფრთხოების პოლიტიკის უხეში დარღვევა იყო. მიტნიკმა, რომელიც პროფესიონალი იყო, წინასწარ მოიპოვა გარკვეული ინფორმაცია — მან იცოდა ზესაიდუმლო პროექტის სახელი და ისიც კი, რომ ნამდვილ გეიბ ნოლტს ავტომოპასუხეზე შვებულების შესახებ ჰქონდა შეტყობინება დატოვებული.
ჰაკერმა ზუსტად ეს ლეგენდა გაათამაშა, თუმცა ნანლი მაინც დაეჭვდა. მან სიმშვიდე შეინარჩუნა, უთხრა, რომ სახლიდან ამას ვერ გააკეთებდა და სთხოვა, სამსახურის ავტომოპასუხეზე დაეტოვებინა ხმოვანი შეტყობინება დეტალებით. დილით სამსახურში მისულ ნანლის შეტყობინება დახვდა, რომელიც მან სასწრაფოდ ჩაწერა კასეტაზე. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს აუდიოჩანაწერი იუსტიციის დეპარტამენტისთვის მიტნიკის წინააღმდეგ არსებული ერთადერთი ნამდვილი და მყარი მტკიცებულება გახდა.

სასამართლო პროცესები ხუთი წელი გაიწელა. ამ დროის განმავლობაში ნანლი იმდენად გადაიღალა იმით, თუ როგორ ეპყრობოდა სახელმწიფო სისტემა მის მოწინააღმდეგეს, რომ პროკურატურასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა. მალევე მიტნიკმა ბრალი აღიარა და ციხიდან გამოვიდა. გათავისუფლების შემდეგ, კევინმა პირადად დაურეკა ნანლის ბოდიშის მოსახდელად. მათი შერიგების ისტორია თავის დროზე ჟურნალმა Wired-მაც კი უკვდავყო, საბოლოოდ კი ისინი საუკეთესო მეგობრები გახდნენ მომდევნო 25 წლის განმავლობაში. მიტნიკმა დააფუძნა კიბერუსაფრთხოების წარმატებული კომპანიები და ადამიანებს სწორედ იმ თავდასხმის მეთოდებისგან თავდაცვას ასწავლიდა, რასაც თავად წლების განმავლობაში ხვეწდა.
როდესაც 2023 წელს მიტნიკი პანკრეასის კიბოთი გარდაიცვალა, მან თავის ანდერძში შონ ნანლის საჩუქარი დაუტოვა — ფული, რომელიც საკმარისი აღმოჩნდა მისი უმთავრესი საავტომობილო ოცნების ასასრულებლად. ნანლიმ ულამაზესი, ქარხნული Porsche 911 Carrera 4 GTS-ი შეიძინა.
 
„საოცარი იყო იმის ყურება, როგორ ჩამოყალიბდა ის ნამდვილ, დიდებულ კაცად. ძალიან მწყდება გული, რომ ის ჩვენთან აღარ არის, რადგან კევინი მეოთხედი საუკუნის მანძილზე ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო“, — განაცხადა ნანლიმ.