მიცუბიში, სპორტქარი, მიცუბიში ლანსერ ევოლუშენი, კეისუკე კიშიურა
Aa
Aa

Mitsubishi-ს ახალი ბოსი Lancer Evolution-ის დაბრუნებაზე ოცნებობს

მიცუბიშის მოყვარულებისთვის კარგი ამბავი გვაქვს — კომპანიის ახალ პრეზიდენტს ბრენდის ყველაზე ლეგენდარული მოდელების გაცოცხლება სურს. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული არაფერი დაანონსებულა, ახალმა ბოსმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ისურვებდა Mitsubishi იქცეს ისეთ კომპანიად, რომელსაც კიდევ ერთი Lancer Evolution-ის შექმნა შეეძლება.

ასევე იხილეთ: ტყუილი, რომელმაც Mitsubishi-ის დინასტია გაანადგურა

ეს განცხადება კომპანიის ყოველწლიურ აქციონერთა კრებაზე გაჟღერდა, სადაც ერთ-ერთმა ინვესტორმა ავტომწარმოებელს მოუწოდა, განიხილოს ისეთი სედანების აღდგენა, როგორებიცაა Lancer Evolution, Galant და Diamante — განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც წელს ბაზარზე ლეგენდარული Pajero დააბრუნეს. 90-იანებისა და 2000-იანების ოქროს ხანაში მიცუბიშის იმიჯი დიდწილად სწორედ რალის გამარჯვებებსა და სპორტულ სედანებზე იდგა, თუმცა დღეს ბრენდი უფრო მეტად ქროსოვერებით, პიკაპებითა და ალიანსის ფარგლებში პლატფორმების გაზიარებით არის ცნობილი (ამის მაგალითია ახალი Eclipse, რომელიც რეალურად გადაცმული Nissan Leaf-ია).

კეისუკე კიშიურას, კომპანიაში მუშაობის 33-წლიანი სტაჟის მქონე ვეტერანს, რომელმაც პრეზიდენტისა და მთავარი აღმასრულებელი დირექტორის (COO) პოსტი აპრილში დაიკავა, კონკრეტული მოდელები არ დაუანონსებია, თუმცა ამ ისტორიული ავტომობილების მნიშვნელობა სრულად აღიარა.

„Lancer Evolution, Diamante და Galant უმნიშვნელოვანესი ავტომობილებია Mitsubishi Motors-ისთვის და მიგვაჩნია, რომ ისინი ჩვენი განძია. ამ ეტაპზე მათი ბაზარზე დაბრუნების კონკრეტული გეგმები არ გვაქვს, თუმცა თქვენი მოლოდინების დასაკმაყოფილებლად, გვსურს მომავალში შევქმნათ კომპანია, რომელიც კვლავ შეძლებს ასეთი საოცარი მანქანების წარმოებას“, — განაცხადა კიშიურამ.

საინტერესოა, რომ თავად კიშიურა ნამდვილი ავტოენთუზიასტი აღმოჩნდა — შეხვედრაზე მან გაამხილა, რომ ერთ-ერთი პირველი მანქანა, რომელიც მან მართა, ძველი, მექანიკური კოლოფის მქონე Mitsubishi Lancer Turbo იყო.

კომპანიის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ დღესაც ძალიან უყვარს მართვა და აღიარა, რომ რალის მსოფლიო ჩემპიონატში (WRC) ქარხნული გუნდით დაბრუნება მისი დიდი ოცნებაა. რა თქმა უნდა, WRC-სთან დაკავშირებითაც მყარი გეგმები ჯერ არ არსებობს, თუმცა ის ფაქტი, რომ მიცუბიშის მაღალჩინოსანი ღიად საუბრობს რალისა და სპორტულ ავტომობილებზე, უკვე პოზიტიური ნაბიჯია სწორი მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები