BaT-ზე უნიკალური Ferrari 288 GTO გამოჩნდა
აუქციონების პლატფორმა Bring a Trailer-მა თავისი საიუბილეო, 250 000-ე ლოტის სახით ისტორიაში პირველი Ferrari 288 GTO გამოიტანა გასაყიდად და ეს არჩევანი შემთხვევითი სულაც არ არის. მარანელოს უამრავ ლეგენდარულ მოდელს შორის, სწორედ ეს ავტომობილი ატარებს იმხელა საინჟინრო წონას, სარბოლო ისტორიასა და ტრაგიკულ ირონიას, რასაც „ყალყზე შემდგარი ცხენის“ ემბლემის მქონე სხვა ვერცერთი მოდელი ვერ შეედრება.
ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ერთმა მჭედელმა ბიჭმა Ferrari
Ferrari 288 GTO თავდაპირველად საზოგადოებრივი გზებისთვის საერთოდ არ შექმნილა. მისი მიზანი FIA-ს ლეგენდარულ Group B-ში ასპარეზობა იყო — იმ სასტიკ, პრაქტიკულად რეგულაციების გარეშე დარჩენილ სარბოლო კლასში, რომელმაც შვა Lancia Delta S4 და Peugeot 205 T16. თუმცა, ფერარის ამ ქმნილებას ტრასაზე სარბოლო რეჟიმში ერთი წრეც არ დაურტყამს. 1986 წლის სეზონის შემდეგ Group B უსაფრთხოების გამოწვევების გამო საბოლოოდ დაიხურა, რამაც ყველა დამზადებული 288 GTO უცნაურ სტატუსში დატოვა: ის იქცა სრულფასოვან ჰომოლოგირებულ სუპერქარად, რომელსაც სარბიელი უბრალოდ წაართვეს.

შექმნილი რეგლამენტისთვის და არა შოურუმისთვის
იმის გასაგებად, თუ რატომ არსებობს 288 GTO, უნდა ვიცოდეთ, როგორ მუშაობდა ჰომოლოგაციის პრინციპი. FIA Group B-ს წესები მწარმოებლებისგან მოითხოვდა მინიმუმ 200 ცალი საგზაო ვერსიის გამოშვებას, რათა ავტომობილს რბოლებზე დაშვების ლიცენზია მიეღო. Ferrari-ის მიზანიც ზუსტად ეს 200 ერთეული იყო. შედეგად მივიღეთ მანქანა, რომელიც პირველიდან უკანასკნელ ჭანჭიკამდე სარბოლო მოთხოვნების გარშემო აიგო და მხოლოდ ამის შემდეგ გადაეცა კლიენტებს.
პლატფორმის უხეშ შაბლონად Ferrari 308 GTB გამოიყენეს, თუმცა ინჟინრებმა თვლების ბაზა 110 მილიმეტრით გაზარდეს, რათა გრძივად დაემონტაჟებინათ 2.9-ლიტრიანი ორმაგი ტურბოჩაბერვის V8 ძრავი (F114B). აგრეგატი უკანა ღერძის წინ, ნამდვილ შუაძრავიან კონფიგურაციაში მოათავსეს. ქარხნულად სიმძლავრე 400 ცხენის ძალით განისაზღვრა, თუმცა რეალური ციფრი ბევრად მაღალი იყო. მილოვანი ფოლადის სივრცით ჩარჩოზე დამაგრებული ძარის პანელები მინაბოჭკოსა და კევლარისგან დაამზადეს, რამაც ავტომობილის წონა სულ რაღაც 1160 კილოგრამამდე შეამცირა. თითოეული ეს გადაწყვეტილება ტრასაზე წამების მოსაგებად მიიღეს და არა მძღოლის კომფორტისთვის.

იტალიელები მხოლოდ 200 საგზაო ეგზემპლარით არ გაჩერებულან. უშუალოდ სარბოლო ვერსიამ — 288 GTO Evoluzione-მ — იგივე ტურბო V8 ძრავიდან უკვე 650-ზე მეტი ცხენის ძალა ამოიღო, მიიღო ბევრად განიერი ძარა, აგრესიული აეროდინამიკური პაკეტი და მაქსიმალურად შემსუბუქებული სალონი. სულ ხუთი ასეთი პროტოტიპი აიგო, თუმცა კლასის გაუქმებამ პროექტს აზრი დაუკარგა.
სწორედ ამ გაუქმებამ შესძინა საგზაო 288 GTO-ს თავისი უნიკალური, მისტიკური სტატუსი. 1984-დან 1986 წლამდე Ferrari-მ სულ 272 ეგზემპლარი გამოუშვა.