ახალი ფრონტი ავტოინდუსტრიაში: ხელოვნური ინტელექტი მუშახელის წინააღმდეგ
ათწლეულების განმავლობაში ავტოინდუსტრიაში ბრძოლები ხელფასების, ბენეფიტებისა და ქარხნების დახურვის გარშემო მიმდინარეობდა. ამჯერად, ამერიკის ქარხნებში ახალი ბრძოლა იწყება და ის შესაძლოა ინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. იმ ფონზე, როდესაც ავტომწარმოებლები სულ უფრო სწრაფად ნერგავენ ხელოვნურ ინტელექტსა და სრულად ავტომატიზებულ საწარმოო სისტემებს, აშშ-ის ავტოინდუსტრიის მუშათა გაერთიანება (UAW) აფრთხილებს საზოგადოებას, რომ ეს ტექნოლოგიური რევოლუცია შესაძლოა დასაქმებულთა ხარჯზე მოხდეს.
AI should work for working people, and we need a voice at the table to decide how it is used on the job.
— AFL-CIO ✊ (@AFLCIO) June 15, 2026
America’s unions are organizing to protect workers, and we’re fighting for an AI future in this country that works for ALL of us, not just big tech.https://t.co/5xjY9l01xx
დეტროიტში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ორგანიზაციის პრეზიდენტმა ხელოვნური ინტელექტი და რობოტიზაცია წარმოებაში სამუშაო ადგილების მზარდ საფრთხედ შეაფასა. მისი მთავარი საწუხარი არა თავად ტექნოლოგია, არამედ ის არის, თუ ვინ მიიღებს მისგან სარგებელს. პროფკავშირების ლიდერები მიიჩნევენ, რომ ვინაიდან ავტომატიზაციის წყალობით ქარხნები უფრო პროდუქტიული ხდება, ამ მოგების წილი მუშებმაც უნდა მიიღონ.
თავად ეს არგუმენტი ახალი არ არის. თუ ქარხანა იპოვის გზას, საათში პროდუქტის 10 ერთეულის ნაცვლად 100 აწარმოოს, უმრავლესობა დაეთანხმება იმას, რომ პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ უნდა იხეიროს — მომხმარებელმა ნაკლები გადაიხადოს, კომპანიამ მეტი მოგება ნახოს, ხოლო მუშებმა უკეთესი ანაზღაურება მიიღონ ან მუშაობას ნაკლები დრო დაუთმონ. ავტოწარმოებაში ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის გარშემო არსებული დებატებიც ზუსტად ამ კითხვამდე დადის: ვის ხელში რჩება მოგება, როდესაც ტექნოლოგია თითოეული მუშის პროდუქტიულობას დრამატულად ზრდის?

UAW-ის განცხადებით, გასაკვირი არ არის, რომ ავტომწარმოებლები საკითხს სულ სხვა კუთხით უყურებენ. ეჭვგარეშეა, რომ ისინი სასტიკ გლობალურ კონკურენციას აწყდებიან, განსაკუთრებით სწრაფად მზარდი ჩინური ბრენდების მხრიდან. ეს წნეხი ხელოვნურ ინტელექტსა და რობოტებს აუცილებელ ინსტრუმენტებად აქცევს ეფექტურობის ასამაღლებლად, ხარისხის გასაუმჯობესებლად და საწარმოო ხარჯების შესამცირებლად. თანაც, ასე მხოლოდ ერთი ან ორი ბრენდი არ ფიქრობს.
General Motors-ი აცხადებს, რომ დეტროიტის Factory ZERO-ში დასაქმებული დაახლოებით 50 კოლაბორაციული რობოტი (ე.წ „კობოტი) უსაფრთხოების, მოქნილობისა და ოპერაციული ეფექტურობის გაზრდას ემსახურება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ხაზს უსვამს კობოტებისა და ადამიანების ურთიერთქმედების აუცილებლობას, ცოტა ხნის წინ ელექტრომობილების წარმოებასთან დაკავშირებული 1000-ზე მეტი თანამშრომელი მაინც გაათავისუფლა.

Hyundai, Nissan-ი, Ford-ი, Honda და Stellantis-ი ასევე აქტიურად იყენებენ რობოტებსა და კობოტებს წარმოების გასაუმჯობესებლად. შესაბამისად, მთავარი საკითხი უკვე ის კი არ არის, მოვა თუ არა ავტომატიზაცია, არამედ ის, თუ როგორ განაწილდება მისი მოტანილი სიკეთეები.