ჰონდა, ნისანი, რენო, მიცუბიში, პარტნიორობა
Aa
Aa

იაპონური ალიანსი — Honda, Nissan და Mitsubishi თანამშრომლობას იწყებენ

საავტომობილო ინდუსტრიაში ძალთა ბალანსი ისეთი სისწრაფით იცვლება, რომ ტრადიციულ გიგანტებს ლოდინის დრო აღარ აქვთ. Honda და Nissan-ი სტრატეგიულ პარტნიორობას მაქსიმალურად აჩქარებენ, პროექტის მასშტაბები კი კიდევ უფრო გაიზარდა — ალიანსს მესამე მსხვილი მოთამაშე, Mitsubishi-ც უერთდება. პარტნიორობის პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი მომავალი თაობის ავტომობილებისთვის საერთო ელექტრონული მართვის ბლოკების შექმნა იქნება, რომელიც მანქანის „ცენტრალური ტვინის“ როლს ასრულებს.

ასევე იხილეთ: Honda-ს სპორტული მოდელები საქართველოში

Honda-ს ყოველწლიურ აქციონერთა კრებაზე კომპანიის პრეზიდენტმა, ტოშიჰირო მიბემ განაცხადა, რომ ნისანთან მოლაპარაკებები საკმაოდ შორს არის წასული და გარკვეულ ასპექტებზე ოფიციალური განცხადება ძალიან მალე გაკეთდება. მიბეს მხრიდან პროცესების ფორსირება ნაწილობრივ აქციონერებში გაჩენილი შიშების ჩაცხრობასაც ემსახურება: კომპანიამ თავის ისტორიაში პირველად გამოაცხადა წლიური წმინდა ზარალი, რაც ჩრდილოეთ ამერიკაში ელექტრომობილების პროგრამების გაუქმებამ და მასშტაბურმა ფინანსურმა ჩამოწერებმა გამოიწვია.

ავტოგიგანტების გეგმით, ერთიანი მართვის ბლოკი ბაზარზე 2029-2030 წლებისთვის გამოჩნდება და ის ერთნაირად გამოიყენება როგორც ჰიბრიდულ, ისე სრულად ელექტრონულ მოდელებში. ეს კომპონენტი პასუხისმგებელი იქნება ავტონომიურ მართვასა და მულტიმედიურ სისტემებზე. მას შემდეგ, რაც სხვადასხვა ბრენდის მანქანები ერთსა და იმავე ციფრულ ბაზაზე დაფუძნდება, ალიანსისთვის სხვა კომპონენტების, მათ შორის ბორტ-კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების სტანდარტიზაციაც ბევრად მარტივი გახდება.

ამ მჭიდრო იაპონურ კავშირს შესაძლოა წინ ფრანგული Renault-ი დაუდგეს. ფრანგული ბრენდი კვლავინდებურად ფლობს Nissan-ის 15-პროცენტიან წილს. ვინაიდან ნისანი საჯარო კომპანიაა, მას ნებისმიერი მსხვილი კაპიტალური ალიანსისთვის, მათ შორის ჰონდასთან ოფიციალური გაერთიანებისთვის, აქციონერთა სრული თანხმობა სჭირდება, ფრანგულ მხარეს კი გადაწყვეტილებებზე ჯერ კიდევ დიდი გავლენა აქვს.

პარალელურად, Honda-სთვის ეს ალიანსი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მარტში დასრულებული ფისკალური წლის მონაცემებით, კომპანიამ 423.9 მილიარდი იენის (დაახლოებით $2.62 მილიარდი) სუფთა ზარალი ნახა, რაც ბაზარზე გასვლის შემდეგ მათთვის უპრეცედენტო ფინანსური კრახია. ტოშიჰირო მიბეს თქმით, თუ კომპანია უახლოესი სამი წლის განმავლობაში ვერ შეძლებს ახალ, ძირითადად ჩინურ აგრესიულ საავტომობილო ძალებთან კონკურენციას და ხარჯების ოპტიმიზაციას, ბრენდი უდიდესი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები