Land Cruiser-ი ნამდვილად უკვდავია | ხავსმოდებული პიკაპის ძრავი შესანიშნავად მუშაობს
საავტომობილო სამყაროში Toyota Land Cruiser-ს საპატიო ზედმეტსახელად „უკვდავს“ ტყუილად როდი ეძახიან. ეს სახელი წლების განმავლობაში სამართლიანად მოიპოვეს იმ უგზოობის მოდელებმა და პიკაპებმა, რომლებიც ტყის მასშტაბურ ხანძრებს, ომებსა და მილიონობით კილომეტრის გავლას გაუძლეს. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ხავსმოდებული, ძალიან დიდი ხნის წინ მიტოვებული ლენდ კრუიზერი ხელის შევლების შემდეგ ისე დაიქოქა, თითქოს პროფილაქტიკა გუშინ დატოვა.
ასევე იხილეთ: როგორ გაანადგურეს სამოქალაქო პიკაპებმა მუამარ კადაფის ტანკები?
ავსტრალიური იუთუბ-არხი Steve’s Place Down Under სწორედ ძველი, მიტოვებული და დასალპობად განწირული ავტომობილებისა თუ სატვირთოების პირველი დაქოქვის ვიდეოებზე სპეციალიზდება. არხის წამყვანს ერთ-ერთმა მაყურებელმა შეატყობინა Land Cruiser-ის შესახებ, რომელიც გაურკვეველი ვადით იდგა უმოძრაოდ და მეპატრონისგან ნებართვის მიღების შემდეგ, ბლოგერი მაშინვე საქმეს შეუდგა.
საუბარია 1990 წლის 70 Series მოდელზე, რომელიც ბენზინის ექვსცილინდრიანი ერთრიგა ძრავითაა აღჭურვილი. ეს ავტომობილები 1980-იანი წლების შუა პერიოდიდან მოყოლებული ავსტრალიის გზების განუყოფელი ნაწილია. მეტიც, მიუხედავად თითქმის 40 წლის წინანდელი დიზაინისა, ეს მოდელი კონტინენტზე დღემდე იყიდება, რაც ალბათ მისი უკიდურესი გამძლეობისა და სიმარტივის დამსახურებაა.
მიუხედავად იმისა, რომ მანქანა წლების განმავლობაში ხავსით იყო დაფარული, სწრაფმა შემოწმებამ აჩვენა, რომ ძრავის ზეთში წყალი არ იყო შერეული, ხოლო გაგრილების სისტემა სრულად ხელუხლებელი გახლდათ. დეტალების გაწმენდამ და კარბურატორში ბენზინის პირდაპირ ჩასხმამ თავიდან შედეგი არ გამოიღო. შემდეგი ნაბიჯი აალების სანთლების ამოღება, შემოწმება და გაწმენდა გახდა, რასაც კარბურატორში საწვავის კიდევ ერთი პორციის შესხურება მოჰყვა. ამან მცირე აალება და პატარა ხანძარიც კი გამოიწვია, თუმცა რამდენიმე მცდელობის შემდეგ ძრავმა ხმა ჩაიწმინდა და სტაბილურად ამუშავდა.

პიკაპი მხოლოდ კარბურატორში ხელით ჩასხმულ საწვავზე ამუშავეს, რადგან საწვავის ტუმბო კი ჩაირთო, მაგრამ ავზიდან ძველი, გაფუჭებული ბენზინის ამოქაჩვა კარგი აზრი არ იქნებოდა. ძრავში ზეთის წნევა სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საწვავის მუდმივი მიწოდების შემთხვევაში, ეს აგრეგატი მუშაობის გაგრძელებას უპრობლემოდ შეძლებდა.