იაპონიის პრემიერის ლიმუზინი მდიდრული SUV-ით შეიცვალა — იხილეთ ახალი Century
ქვეყნის პრეზიდენტისა თუ პრემიერ-მინისტრის ავტომობილი ადგილობრივი ავტომწარმოებლებისთვის განსაკუთრებულ რეპუტაციულ მნიშვნელობას ატარებს. ამ მხრივ იაპონიას ნამდვილად გაუმართლა, რადგან ტოიოტას შვილობილი ბრენდი Century ზუსტად იმ კლასის მანქანებს ქმნის, რომლებიც ამ საქმისთვის იდეალურია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ, თავისი ძველი Century-ს სედანი სულ ახალ Century SUV-ზე გადაცვალა და ამით ფენიქსის სიმბოლიკის მქონე ბრენდის ერთგულების ტრადიცია გააგრძელა.
ასევე იხილეთ: პრეზიდენტის ლიმუზინის და ესკორტის საიდუმლო ფუნქციები
ავტომობილი ტოკიოს ქუჩებში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. ადგილობრივმა მედიამ დააფიქსირა, როგორ გადაჰყავდა პრემიერ-მინისტრი ოფიციალური რეზიდენციიდან პარლამენტის შენობაში, შემდეგ კი ჰანედას აეროპორტში. მას, როგორც ყოველთვის, უსაფრთხოების სამსახურის Lexus LS სედანების მცირე კორტეჟი მიჰყვებოდა. პრემიერის ახალი Century SUV სრულად შავ ფერშია შესრულებული და მასში არ არის გამოყენებული ორფერიანი შეღებვა, რაც ჩვეულებრივ ამ მოდელისთვისაა დამახასიათებელი.
შავი ცხაურას მიღმა ლურჯი ციმციმებია დამონტაჟებული, ხოლო წინა ნაწილში დამატებითი დამხმარე სარკეა დაყენებული. იაპონური მედია, სამთავრობო ჩანაწერებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ წინა ავტომობილმა წინასწარ განსაზღვრული გარბენის ლიმიტს მიაღწია და მისი შეცვლის დრო დადგა. ახალმა ქროსოვერმა მესამე თაობის Century სედანი ჩაანაცვლა, რომელიც სამსახურში 2020 წლის აპრილში ჩადგა, როდესაც პრემიერ-მინისტრის პოსტს ჯერ კიდევ შინზო აბე იკავებდა.
გამოცემა Response-ის ცნობით, მინისტრთა კაბინეტის მთავარმა მდივანმა, მინორუ კიჰარამ განაცხადა, რომ ავტომობილების განახლება მათი ტექნიკური მდგომარეობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით ხდება. თუმცა, მან ეროვნული უსაფრთხოების მოტივით უარი თქვა ამ კონკრეტული სამთავრობო ეგზემპლარის ზუსტი ღირებულებისა და ტექნიკური მახასიათებლების გამჟღავნებაზე. შედარებისთვის, ამ მოდელის სტანდარტული, სამომხმარებლო ვერსიის საწყისი ფასი იაპონიის ბაზარზე ამჟამად 27 მილიონ იენს (დაახლოებით 167 100 დოლარს) შეადგენს. თუ გაინტერესებთ, რა გახდა სედანიდან ქროსოვერზე გადასვლის მიზეზი, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ეს მაღალი მოდელი, სავარაუდოდ, სალონში უფრო მარტივი ჩაჯდომა-გადმოსვლის, თავზემოთ დამატებითი სივრცისა და თანამედროვე ელექტრიფიცირებული აგრეგატის გამო აირჩია.