პოლიცია, ქურდობა, პორშე 911, ჰამერი, მდიდრული მანქანები, შევროლე კორვეტი
Aa
Aa

კრიმინალებს Chevrolet Corvette-ის მოპარვა 1.3-მილიონიანი ნაქურდალის დაკარგვად დაუჯდათ

ავტომობილების ქურდობით დაკავებულ კრიმინალურ დაჯგუფებებს ერთი დიდი პრობლემა აქვთ ხოლმე — საკმარისია სამართალდამცველებმა მხოლოდ ერთ მოპარულ ავტომობილს მიაგნონ, რომ მთელი მათი იატაკქვეშა იმპერია ბანქოს სახლივით ინგრევა. ზუსტად ასეთი შემთხვევა მოხდა სამხრეთ კალიფორნიაში, სადაც დეტექტივებმა ერთი მოპარული Chevrolet Corvette-ის ძებნისას, 1.3 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების მდიდრული და სპორტული მანქანების საცავს მიაგნეს.

ვენტურას ოლქის შერიფის ოფისის ცნობით, ყველაფერი მიმდინარე წლის 19 მაისს დაიწყო, როდესაც ქალაქ თაუზენდ-ოუქსის ერთ-ერთი ავტოსალონიდან გამთენიისას დაახლოებით 105 000 დოლარად შეფასებული ახალი, 2026 წლის Chevrolet Corvette Stingray გაქრა. ერთთვიანი ინტენსიური გამოძიების შემდეგ, დეტექტივებმა საკმარისი მტკიცებულებები მოაგროვეს მასშტაბური სპეცოპერაციის დასაგეგმად.

ავტოგატაცებებთან და ორგანიზებულ კრიმინალთან ბრძოლის რამდენიმე სპეციალურმა ქვედანაყოფმა ლოს-ანჯელესის ოლქში კოორდინირებული რეიდი ჩაატარა. ოპერაციის ფარგლებში პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა. მათ ბრალად ედებათ ავტომობილების ორგანიზებული ქურდობა, შეთქმულება და მოპარული ქონების ფლობა. სასამართლომ თითოეულ მათგანს გირაოს სახით 250 000 დოლარი შეუფარდა.

GTA-ს ავტოფარეხი რეალურ ცხოვრებაში

ჩრდილოეთ ჰოლივუდსა და ლოს-ანჯელესში მდებარე ობიექტების ჩხრეკისას, გამომძიებლებმა აღმოაჩინეს ქურდობისთვის საჭირო სპეციალური ხელსაწყოების მთელი არსენალი: ცარიელი დროებითი სანომრე ნიშნები, პრემიუმ კლასის მანქანების ყალბი გასაღებები, გაყალბებული საბუთები და სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა.

თუმცა, ყველაზე შთამბეჭდავი მაინც იმ ავტომობილების სია აღმოჩნდა, რომლებიც პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო. კრიმინალურ საცავში იდგა — დაახლოებით 450 000 დოლარად შეფასებული Lamborghini Aventador-ი; ორი ერთეული Porsche 911 (Carrera და Targa მოდიფიკაციები), თითოეული 240 000 დოლარის ღირებულების; ელექტრო პიკაპი GMC Hummer; მდიდრული ქროსოვერი BMW X7 M60i; ლეგენდარული მასლქარი Ford Shelby GT500 და პიკაპები Chevrolet Silverado 2500 და Chevrolet Colorado.

ექსპერტების წინასწარი შეფასებით, ამოღებული ავტოპარკის ჯამური ღირებულება 1.3 მილიონ დოლარს აჭარბებს. პოლიციას ჯერჯერობით არ გაუსაჯაროებია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა მეთოდებით ახერხებდა დაჯგუფება ამ ძვირადღირებული მანქანების გატაცებას ან ფიგურირებენ თუ არა საქმეში სხვა თანამონაწილეები. მიუხედავად ამისა, ფაქტია – სწორედ იმ ერთადერთი Corvette-ის მოპარვა გამოდგა კრიმინალებისთვის საბედისწერო შეცდომა, რამაც მთელი სქემა გაშიფრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები