ჩინეთში ავტომობილების საშუალო ასაკი 7 წელზე ნაკლებია, აშშ-ში 13 წელი | განსხვავება EV-ების მომავალს განსაზღვრავს
გასაკვირი არაა, რომ მსოფლიო მასშტაბით, ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან შედარებით, გზებზე ახალ ენერგიაზე მომუშავე ავტომობილების (NEV) რაოდენობით პირველი ჩინეთია. ეს მოიცავს როგორც ელექტრომობილებს, ასევე PHEV-სა და FCEV-ის ტიპის ავტომობილებს, თუმცა საერთო ჯამში, ეს ჩინეთის მთლიანი ავტოპარკის სულ რაღაც 12.01%-ს შეადგენს. ახლა კი პეკინს სურს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 30%-მდე გაზარდოს, რაც საკმაოდ ამბიციური მიზანია, იმის მიუხედავადაც, რომ ჩინეთზე ვსაუბრობთ.
ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?
ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ოფიციალური უწყების მონაცემებით, 2025 წლის ბოლოს ჩინეთის გზებზე 43.97 მილიონი ერთეული ახალ ენერგიაზე მომუშავე ავტომობილი (NEV) ირიცხებოდა. მათგან თითქმის 69% მხოლოდ ბატარეაზე მუშაობს. წლის განმავლობაში დაახლოებით 34.2 მილიონი ახალი ავტომობილი დარეგისტრირდა, რომელთაგან დაახლოებით ნახევარი NEV-ებად ითვლება.

2030 წლისთვის დასახული გეგმა, ამ რიცხვების მიუხედავადაც, რთული ამოცანაა. ერთი, რომ ახალი ავტომობილების გაყიდვები თვეების განმავლობაში შემცირდა და მეორე — ის საგადასახადო შეღავათებიც თითქმის აღარ არსებობს, რომლითაც განსაკუთრებით ელექტრომობილების პოპულარიზაციის პერიოდში ჩინეთის მოსახლეობა საკმაოდ აქტიურად სარგებლობდა.
თუმცა ავტომობილების ასაკი ნამდვილად ჩინეთის სასარგებლოდ მუშაობს. თუ ჩინეთში ავტომობილის საშუალო ასაკი 7 წელზე ნაკლებია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს მაჩვენებელი 12.8 წელს უახლოვდება და ამ ავტომობილების დიდი ნაწილი ექსპლუატაციაში კიდევ მრავალი წელი დარჩება. ჩინეთში კი ავტოპარკი სწრაფად იცვლება, რაც ნიშნავს, რომ ელექტრომობილები შიგაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებს იმაზე ადრე ჩაანაცვლებენ, ვიდრე ეს მოძველებული ავტომობილებით სავსე ბაზრის შემთხვევაში მოხდება.

ჩინეთის ამბიციები — სწრაფი ტემპით გაზარდოს გზებზე ახალი ენერგიის ავტომობილების (NEV) რაოდენობა — ქვეყნის 15-წლიანი სამოქმედო გეგმის ნაწილია. მისი მიზანი ქვეყანაში 2030 წლისთვის მშპ-ის ერთეულზე CO₂-ის ემისიების 17%-ით შემცირებაა. ამ გეგმის შესრულებისთვის ერთ-ერთი მთავარი სწორედ მსუბუქი ავტომობილებია, თუმცა ჩინეთს ასევე სურს, 2030 წლისთვის NEV-ები კომერციული სატრანსპორტო საშუალებების 25 პროცენტს შეადგენდნენ. ეს კი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნის მასშტაბით, სამშენებლო ობიექტებიდან პორტებამდე და აეროპორტებამდე, დიზელი წლებია უკვე რაც ბატონობს.

რა თქმა უნდა, ჩინეთის გეგმა სატრანსპორტო საშუალებებსაც სცილდება და მათთვის საჭირო გამართული ინფრასტრუქტურის მოწყობასაც ითვალისწინებს. მათ შორის, მოითხოვს ახალი დასამუხტი სადგურებისა და ბატარეების შეცვლის სადგურების დამატებასა და განვითარებას.