ქალს მოძრავი Tesla-ს საჭესთან სძინავს, უკანა სავარძელზე კი ორი ბავშვი ჩანს
ინტერნეტში გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც ჩანს Tesla Model Y-ის საჭესთან მყოფი ქალი, რომელსაც ავტომაგისტრალზე მოძრაობისას ღრმად სძინავს, მილიონობით ინტერნეტმომხმარებლის შეშფოთება გამოიწვია. თუ კადრების ნამდვილობა დადასტურდება, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს სერიოზულ ხარვეზებზე, რომლებიც ავტომობილის მძღოლის მონიტორინგის სისტემას გააჩნია.
ასევე იხილეთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?
კანადელმა მძღოლმა, კარლი კინგმა, ეს შემაშფოთებელი ფაქტი კვირა დღეს დააფიქსირა. ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ ქალს თავი ცალ მხარეს აქვს გადახრილი და აბსოლუტურად მშვიდად სძინავს დაახლოებით 100 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ ავტომობილში. კადრების ყურება მართლაც შემაძრწუნებელია, თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მსგავსი რამ ხდება.
სავარაუდოდ, აღნიშნული Tesla აღჭურვილია სრული თვითმართვის — Full Self-Driving (Supervised) — სისტემით, რომელიც მძღოლის მონიტორინგის ფუნქციასაც მოიცავს. ეს სისტემა სალონში დამონტაჟებული კამერით აკონტროლებს მძღოლის თვალების მოძრაობას, ხოლო საჭეზე არსებული სენსორები ამოწმებენ, უჭირავს თუ არა მას ხელი საჭეზე. თუმცა, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, კამერის მოტყუება ძალიან მარტივია მუქი სათვალის გამოყენებით, რაც ამ შემთხვევაში მძღოლს მართლაც ეკეთა.

კარლი კინგმა ტელეკომპანია CBC-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ყველაზე საგანგაშო ფაქტი ის იყო, რომ ქალი მანქანაში მარტო არ იმყოფებოდა — Tesla-ს უკანა სავარძელზე ორი ბავშვი იჯდა, რომელთა სიცოცხლეც მძღოლის უპასუხისმგებლობის გამო საფრთხეში აღმოჩნდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ აუარა გვერდი მძღოლმა საჭის სენსორებს, თუმცა ცნობილია, რომ ბაზარზე არსებობს იაფიანი აქსესუარები, რომლებიც ამ სენსორების მოსატყუებლად გამოიყენება.
საგზაო პატრულის წარმომადგენლის განცხადებით, მძღოლს დაუდევარი ქცევის გამო შესაძლოა სერიოზული ბრალდებები წაუყენონ.