სამი მეტრის სიგანის BMW M3, რომელიც რეალურად BMW სულაც არაა
ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ეს უცნაური ფორმისა და ზომის ავტომობილი, რომელიც ერთი შეხედვით BMW M3-ს ჰგავს, რეალურად მიუნხენში ბაზირებული გერმანული ავტომწარმოებლის მოდელი სულაც არაა. სინამდვილეში, ის, რასაც თქვენ ხედავთ, ჩინეთში აწყობილი უნიკალური კონსტრუქციაა, რომელსაც ავტორებმა M3² უწოდეს.
ასევე დაგაინტერესებთ: 7 ყველაზე ცუდი მანქანა, რაც „ბიემვის" ოდესმე შეუქმნია
ეს უცნაური ავტომობილი იმ უნიკალურ, დაახლოებით სამი მეტრის სიგანის Volkswagen Lamando L-ზეა დაფუძნებული, რომელიც ოთხი წლის წინ სწორედ ჩინეთში გამოჩნდა. შემქმნელებმა ძველი მოდელი ისე გადააკეთეს, რომ ახალი იერსახით მაქსიმალურად დამსგავსებოდა BMW-ს სპორტულ სედანს — G80 M3-ს.

მიუხედავად უცნაური ექსტერიერისა, გადაკეთებულ ავტომობილში BMW M3-ის რამდენიმე ცნობილ დეტალსაც შენიშნავთ. მაგალითად, ჩინურ პროექტს M3-თან მიმსგავსებული მაშუქები აქვს, რომლებიც, დაზუსტებით არ ვიცით, ორიგინალია თუ არა, თუმცა, ყველა შემთხვევაში, საკმაოდ ზუსტი ასლებია. ყველაზე თვალშისაცემი კი, ალბათ, მაინც ავტომობილის წინა ნაწილია — M3-ის მასიური, უცნაური დიზაინის მქონე თირკმლისებრი ცხაური. თუმცა, ამ პროექტის სიგანიდან გამომდინარე, მას დამატებით კიდევ ორი ცხაურის დაყენება დასჭირდა, რაც კიდევ უფრო უჩვეულო იერს აძლევს.

თუმცა, როგორც დასაწყისშიც ვთქვით, ეს ავტომობილი რეალურად არა BMW, არამედ Volkswagen-ია და მისი ეს წარმომავლობა მოდელის უკანა ნაწილში ბევრად უკეთაც ჩანს. მარტივად შეიძლება იმის თქმა, რომ სახურავისა და საბარგულის ფორმა კვლავ Lamando-ს ჰგავს. მაგრამ განსხვავებული დიზაინის მისაცემად მასაც BMW M3-ის სტილის უკანა მაშუქები დაუმატეს.

მსგავსად, ავტომობილის ინტერიერს თითქმის არაფერი აქვს საერთო BMW-სთან და კვლავ სტანდარტული Volkswagen Lamando-ს მსგავსია. თუმცა პროექტის ავტორებს ის ძალისხმევა ნამდვილად არ უნდა დავუკარგოთ, რომელიც საჭეზე Volkswagen-ის ლოგოს დასაფარად გაწიეს. სალონში ასევე დამონტაჟებულია ახალი, შედარებით უფრო ფართო ეკრანი, რომელიც ძირითადად წინა მგზავრისთვისაა განკუთვნილი.

ამ ავტომობილის ტექნიკური ნაწილიც კი საერთოდ არ შეესაბამება BMW M3-ს. რეალური G80 M3 3-ლიტრიანი, ტვინტურბო ექვსცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, ხოლო ამ მოდელში Volkswagen-ის სტანდარტული, 1.4-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი აგრეგატი შეინარჩუნეს. ავტომობილის ზუსტი წონა უცნობია, თუმცა, როგორც ცნობილია, სტანდარტულ Volkswagen Lamando-ს ვერსიას 10-მდე ადამიანის გადაყვანაც კი შეეძლო. ამ მოდელში კი, სავარძლების ნაცვლად, რბილი ტომრები განათავსეს, რამაც, შესაძლოა, მგზავრების პოტენციური რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდოს.