ფერნანდო ალონსო მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ჰიპერქარით გამოჩნდა
Formula 1-ის ორგზის ჩემპიონი, ფერნანდო ალონსო, მონაკოს ქუჩებში დააფიქსირეს და, რა თქმა უნდა, ესპანელი პილოტი ამ შემთხვევაშიც გამორჩეული კლასიკური სპორტქარის საჭესთან იყო წარმოდგენილი. ეს მოდელი Bugatti EB110 GT გახლავთ — 1990-იანი წლების ლეგენდარული ავტომობილი, რომელსაც საავტომობილო ინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთ პირველ ჰიპერქარად მიიჩნევენ.
ასევე იხილეთ: მილიარდერები VS ღარიბები - ფორმულა 1-ის პილოტების გზა
EB110 GT ფრანგულმა ავტომწარმოებელმა 1991 წელს, კომპანიის დამფუძნებლის, ეტორე ბუგატის დაბადებიდან 110 წლის იუბილის აღსანიშნავად წარადგინა. სწორედ ამ მოდელით Bugatti ფაქტობრივად ბაზარზე დაბრუნდა და თავისი მომავალი სუპერქარების, მათ შორის Veyron-ისა და Chiron-ის, გამოსაშვებადაც მყარი საფუძველი შექმნა.
ავტომობილი 3.5-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც ოთხი ტურბოკომპრესორი აქვს. შედეგად, Bugatti-ს სპორტქარის სიმძლავრე 560 ცხენის ძალას აღწევს. რა საკვირველია, თანამედროვე სუპერქარები EB110 GT-ზე ბევრად მძლავრია, თუმცა ეს მოდელი თავის ეპოქაში ნამდვილ ტექნოლოგიურ მიღწევად ითვლებოდა.

1990-იანი წლების დასაწყისისთვის ფრანგული მოდელი 0-დან 100 კმ/სთ-მდე მხოლოდ 3.6 წამში ჩქარდებოდა, ხოლო მაქსიმალურ სიჩქარეს 336 კმ/სთ-ზე აღწევდა, რაც იმ დროისთვის ასევე შთამბეჭდავი შედეგი გახლდათ.
მოგვიანებით, Bugatti-მ ამ მოდელის შედარებით უფრო მძლავრი ვერსიაც, EB110 SS-ი, გამოუშვა, რომელშიც სიმძლავრე 600 ცხენის ძალას აღემატებოდა. განახლებულ სპორტქარს უფრო მსუბუქი კონსტრუქციაც ჰქონდა, რადგან მისი მონოკოკი სრულად კარბონის ბოჭკოსგან იყო დამზადებული.
დღეს Bugatti EB110 GT კოლექციონერებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ კლასიკურ სუპერქარად რჩება. ამ მოდელის ღირებულება — ავტომობილის მდგომარეობისა და ისტორიის გათვალისწინებით — დაახლოებით 2-დან 4 მილიონ ევრომდე მერყეობს.

რა თქმა უნდა, ეს პირველი შემთხვევაც არაა, როდესაც ფერნანდო ალონსო იშვიათი და ისტორიული ავტომობილით გამოჩნდა. ბოლო წლებში ესპანელი პილოტი არაერთი გამორჩეული მოდელის საჭესთან ვიხილეთ, რომელთა შორის იყო: Mercedes-Benz CLK GTR, Audi Sport Quattro და Pagani Zonda Diamante Verde.