ამაზონი, გრანდ ტური
Aa
Aa

Grand Tour-ის დაბრუნების თარიღი ცნობილია | საავტომობილო შოუს ახალი სახეები ეყოლება

ლეგენდარულმა სამეულმა — ჯერემი კლარკსონმა, ჯეიმს მეიმ და რიჩარდ ჰემონდმა — 2024 წლის შემოდგომაზე The Grand Tour-ის წამყვანის პოსტები ოფიციალურად დატოვა და ეპოქალური თავი დახურა. თუმცა, თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, შოუ ეკრანებზე სრულიად ახალი წამყვანებით ბრუნდება.

The Grand Tour-ის ოფიციალურ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, განახლებული პროექტი ეკრანებზე 4 სექტემბერს, Prime Video-ს პლატფორმაზე გამოჩნდება. ორგანიზატორებმა იუმორისტულად აღნიშნეს, რომ ეს იქნება „იგივე შოუ, ოღონდ ახალი გადამრთველებითა და სახელურებით“.

ახალი წამყვანების ვინაობა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გახდა ცნობილი: შოუს სათავეში ჩაუდგებიან პოპულარული იუთუბ-არხის, Throttle House-ის ვარსკვლავები — ჯეიმს ენგელსმანი და თომას ჰოლანდი. მათ შეუერთდება 26 წლის TikTok-ერი ფრენსის ბურჟუა.

რატომ დუმს Amazon-ი?

ახალი სეზონის შესახებ დეტალები ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია. საინტერესოა, რომ პროექტი Amazon-ის ოფიციალურ კალენდარშიც კი არ არის შეტანილი და ტექნოლოგიურ გიგანტს გადატვირთვის შესახებ ბევრი არაფერი უთქვამს.

ეს ფაქტი ზოგიერთ ანალიტიკოსში ეჭვს იწვევს, თუმცა პრემიერამდე ჯერ კიდევ თვენახევარია დარჩენილი, რაც მარკეტინგული კამპანიისა და თიზერების გამოსაშვებად სრულიად საკმარისი დროა. ავტომოყვარულთა რეაქცია სიახლეზე ორგვარია — ნაწილი მზადაა, ახალ ტრიოს შანსი მისცეს, მით უმეტეს, რომ Throttle House-ის ბიჭებს საავტომობილო სამყაროში შესანიშნავი რეპუტაცია აქვთ, სკეპტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ პროექტი განწირულია, რადგან შოუს წარმატების მთავარი საიდუმლო არა მანქანები, არამედ კლარკსონის, ჰემონდისა და მეის უნიკალური ქიმია იყო (და რთულია, ამ აზრს შეეწინააღმდეგო...)

ამ არგუმენტს საფუძველი ნამდვილად აქვს. თავის დროზე, საკულტო სამეულის წასვლის შემდეგ, ლეგენდარულ Top Gear-ს არსებობის გაგრძელება ძალიან გაუჭირდა და საბოლოოდ ეთერიდან საერთოდ გაქრა, რადგან მაყურებელმა ახალი წამყვანები ვერ მიიღო.

მიუხედავად ამისა, თომას ჰოლანდსა და ჯეიმს ენგელსმანს ერთად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, რაც მათ ეკრანზე ბუნებრივ დინამიკას უადვილებს. შეძლებს თუ არა ახალი თაობა ლეგენდების ჩრდილიდან გამოსვლას, ამას უკვე 4 სექტემბრიდან ვნახავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები