Aston Martin-მა Call of Duty-სთვის V12-ძრავიანი საბრძოლო SUV შექმნა
ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა Aston Martin-მა პოპულარული ვიდეოთამაშისთვის, Call of Duty: Modern Warfare 4-ისთვის, უნიკალური საბრძოლო SUV შექმნა. ახალ მოდელს Dreadnought-ი ეწოდება და მასზე ავტომწარმოებელმა თამაშის დეველოპერებთან, Infinity Ward-სა და Activision-თან თანამშრომლობით იმუშავა.

რა თქმა უნდა, რაც არ უნდა მოგვწონდეს ეს მოდელი, Dreadnought-ი არც რეალურ გზებზე გამოჩნდება და არც Aston Martin-ის სერიული წარმოების მოდელების ხაზს შეუერთდება. ის მხოლოდ ვირტუალურ სამყაროში იარსებებს, თუმცა Modern Warfare 4-ის DMZ რეჟიმში მოთამაშეებს მისი გამოცდა ნამდვილად შეეძლებათ.
კონცეპტი, რომლის ფოტოებსაც ხედავთ, Aston Martin-ის სპორტულ მახასიათებლებს სამხედრო ტექნიკისთვის დამახასიათებელ ელემენტებთან აერთიანებს. Dreadnought-ი მძლავრი V12 ძრავითაა აღჭურვილი და სრულამძრავიანი სისტემა აქვს. ამასთან ერთად, Dreadnought-ს სუპერქარისთვის დამახასიათებელი დინამიკა, მყარი ჯავშანი და ადაპტირებადი საბრძოლო სისტემები გამოარჩევს, რომლებიც ვირტუალური საბრძოლო ველისთვისაა შექმნილი.

რაც შეეხება ექსტერიერს: პირველ რიგში, ჩვენს ყურადღებას SUV-ის კარბონის ძარა და მასიური წინა ცხაური იქცევს, მასში ინტეგრირებული განათებით, ოთხი გამონაბოლქვი მილითა და მცირე ზომის უკანა სპოილერით. დიზაინში ასევე შესამჩნევია მსგავსებები Aston Martin-ის ისეთ ექსკლუზიურ მოდელებთან, როგორებიცაა Valiant-ი და Victor-ი.

ბრიტანული ბრენდისთვის დამახასიათებელი მდიდრული ელემენტები შენარჩუნებულია Call of Duty-სთვის შემუშავებულ სამხედრო SUV-შიც. მათ შორის, გამოყენებულია მაღალი ხარისხის კარბონის დეკორი, Oxford Tan-ის ფერის ტყავი, ოქროსფერი მეტალის დეტალები და სხვა დეკორატიული ჩანართები.
საინტერესო წარმომავლობა აქვს თავად ამ მოდელის სახელწოდებასაც. Dreadnought-ის შერჩევა მე-20 საუკუნის დასაწყისის ბრიტანულ საბრძოლო ხომალდ HMS Dreadnought-ს უკავშირდება, რომელიც თავის დროზე ტექნოლოგიური უპირატესობისა და ძალის სიმბოლოდ მიიჩნეოდა.

ცნობისთვის, Call of Duty: Modern Warfare 4 მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს გამოვა და ხელმისაწვდომი იქნება PlayStation 5-ზე, Xbox Series X|S-ზე, PC-სა და Nintendo Switch 2-ზე.