რეგულაციები, ტოიოტა, ნისანი, ივან ესპინოზა, იაპონია, კოჯი სატო
Aa
Aa

იაპონური ავტომწარმოებლები „ნაწილების გაზიარების“ პრაქტიკას უბრუნდებიან? | ახალი ინიციატივის დეტალები

იაპონიის ავტოინდუსტრია ავტონაწილებისთვის მასშტაბური სტანდარტიზაციის შესაძლებლობას განიხილავს. მიზანი წარმოების ხარჯების შემცირება და გლობალურ ბაზარზე იაპონური კომპანიების კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაა — განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ავტომწარმოებლებს ტექნოლოგიურად სწრაფად განვითარებად სამყაროში უწევთ თავის გადარჩენა.

წლების განმავლობაში ავტომწარმოებლებს შორის ე.წ. „ნაწილების გაზიარების“ პრაქტიკა დამკვიდრდა, რაც უპირველესად სწორედ ხარჯების მინიმიზაციისკენ იყო მიმართული. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროგრამა Volkswagen Group-ს უკავშირდება, კერძოდ კი, MQB-პლატფორმას, რომელიც 2010-იან წლებში არაერთი მოდელისთვის გამოიყენეს. ეს მიდგომა არაერთმა კომპანიამ გადაიღო და გამოიყენა.

თუმცა, ამ სტრატეგიას უარყოფითი მხარეებიც აქვს. მაგალითად, მაშინ, როდესაც სხვადასხვა კომპანიები ერთსა და იმავე ტექნოლოგიასა და კომპონენტებს ეყრდნობიან, ხშირად ისმის კრიტიკაც — მაგალითად, ის, რომ ავტომობილები ინდივიდუალურობას კარგავენ და სულ უფრო და უფრო ჰგვანან ერთმანეთს. ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ კომპანიებმა ხარჯები თავიდან აიცილონ.

ახლა კი, წარმოიდგინეთ მსგავსი თანამშრომლობა არა მხოლოდ ერთი ჯგუფის შიგნით არსებული ბრენდების, არამედ სხვადასხვა დამოუკიდებელი ავტომწარმოებლების. გამოცემა Automotive News-ის ცნობით, სწორედ ამას განიხილავს იაპონიის ავტოინდუსტრია. როგორც ცნობილია, ინიციატივას მხარს Toyota-ს აღმასრულებელი დირექტორი კოჯი სატოც უჭერს, რომელიც ამავდროულად იაპონიის ავტომწარმოებელთა ასოციაციის (JAMA) თავმჯდომარეა. ასევე, ორგანიზაციაში გაერთიანებული არიან Toyota, Honda, Nissan, Mazda, Subaru, Mitsubishi და Suzuki.

„ჩვენ ვხედავთ ღრმა კრიზისს და არსებობს განცდა, რომ იაპონიის ავტოინდუსტრია გარდამავალ პერიოდშია. ახლა სწორედ ის დროა, როდესაც რეფორმები, განვითარება და ცვლილებები ყველაზე მეტად გვჭირდება“, — განაცხადა სატომ.

Toyota-ს ხელმძღვანელისა და Nissan-ის აღმასრულებელი დირექტორის, ივან ესპინოსას თქმით, ავტონაწილების სტანდარტიზაცია კომპანიებს საშუალებას მისცემთ, უფრო მეტი რესურსი მიმართონ ახალი ტექნოლოგიების განსავითარებლად. მათ შორისაა ახალი პროგრამული სისტემები, მძღოლის დამხმარე მოწინავე ტექნოლოგიები და უფრო სწრაფად დამუხტვადი ელექტრომობილები.

ამ ეტაპზე განხილვა ძირითადად ეხება კომპონენტებს, რომელთაც მომხმარებელი პირდაპირ თვალით ვერ აღიქვამს — მაგალითად, ელექტროსადენებს, გაყვანილობასა და მილებს. ჯერჯერობით არ იგეგმება ავტომობილების ისეთი ძირითადი ელემენტების გაერთიანება, როგორიცაა ძარა, დიზაინი ან პლატფორმები. Nissan-ის ხელმძღვანელის თქმით, სხვა, განსაკუთრებით კონკურენტულ ბაზრებზე, ავტომწარმოებლები უფრო ორგანიზებულად მოქმედებენ, რის გამოც იაპონელებსაც უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სჭირდებათ.

თუმცა, იაპონური კომპანიების მიერ გაჟღერებული იდეა არც ისეთი ახალია, როგორიც, შესაძლოა, ერთი შეხედვით მოგეჩვენოთ. რეალურად, BMW-სა და Toyota-ს მსგავსი გამოცდილება უკვე ჰქონდათ, რადგან ამ ავტომწარმოებლებმა Z4 და Supra ერთობლივად შექმნეს. ასევე, თანამედროვე 124 Spider-ზე ითანამშრომლეს Mazda-მ და Fiat-მა და ეს მოდელი Mazda MX-5-ის ბაზაზე შექმნეს. ამის მიუხედავად, იაპონელების ძალისხმევა მაინც ყურადღების ღირსია, რადგან მისი გავლენა გლობალურ ბაზრებზე, შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ამ წარსული თანამშრომლობების შემთხვევაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები