შევროლეტი, შაკილ ო\'ნილი, შევრიოლე იმპალა
Aa
Aa

Chevrolet Impala-ს ნავის პირველი ეგზემპლარი შაკილ ო'ნილს გადაეცა

შაკილ ო'ნილის ავტოფარეხში უნიკალური ავტომობილებისთვის ადგილი ყოველთვის გამოიძებნება. NBA-ს ლეგენდას, თავისი სიმაღლის გათვალისწინებით, ხშირად უწევს ხოლმე ახლად შეძენილი ავტომობილების გადაკეთება და თავის „ზომაზე მორგება“. მაგრამ, ამის მიუხედავად, კალათბურთელის კოლექციის ეს უცნაური წევრი თქვენს გაოცებას, წესით, მაინც შეძლებს.

ეს უცნაური და უნიკალური პროექტი 1964 წლის Chevrolet Impala-ს დიზაინით შექმნილი მსოფლიოში პირველი ნავია. უჩვეულო მოდელი, რომელმაც კლასიკური ამერიკული ავტომობილი ქუჩებიდან წყალზე „გაიყვანა“, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბაზირებულ კომპანიას, Effortless Motors-ს ეკუთვნის. როგორც თავადაც ხედავთ, ნავის დიზაინი თითქმის იდენტურად იმეორებს 1964 წლის Chevrolet Impala-ის ცნობილ ფორმებს, თუმცა ავტომობილი სრულფასოვან, გამოყენებისთვის მზა სანაოსნო საშუალებადაა გადაკეთებული.

ვიდეოში, რომელიც თავად შაკილ ო'ნილმა გაავრცელა, ის თავის ახალ ნავს მეგობართან ერთად ცდის. კალათბურთელის თქმით, Effortless Motors-მა მისი მოლოდინები ამჯერადაც გაამართლა. მართლაც, შაკს წარსულში Effortless Motors-თან არაერთხელ უთანამშრომლია და, როგორც ჩანს, მათი პროექტებით ყოველთვის კმაყოფილიც რჩება.

შაკილ ო'ნილის ექსტრავაგანტული ავტომობილების კოლექციაზე კი, ადრეც ბევრი გვისაუბრია. წესით, ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, როგორც მისთვის სპეციალურად მოდიფიცირებული Chevrolet Corvette, ასევე Cadillac Escalade — რომელიც დაავიწყდა, რომ ჰყავდა, და მაშინვე მეორეც შეიძინა. ასევე, კალათბურთელის საკუთრებაშია Tesla Cybertruck-ის სამი ეგზემპლარიც.

რაც შეეხება ავტომობილის ფორმის ნავებს, ისინი, მართალია, ყოველდღე არ გვხვდება, თუმცა არც ახალი კონცეფციაა. რამდენიმე თვის წინ, ავტომობილის სტილის ამფიბიური ტრანსპორტით პორტუგალიელი ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუც ვიხილეთ. ხოლო ჯერ კიდევ 1980-იან წლებში, მსგავსი ტრანსპორტის დიდი მოყვარული თავად ლინდონ ჯონსონიც კი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები