ფლორიდელმა პოლიციელმა 150კმ/სთ-ით გადაადგილებისას მოხვევა ვერ შეძლო და ტბაში ჩავარდა
„ის გიჟივით მართავდა“ — სწორედ ასე შეაფასა ვოლუსიას ოლქის შერიფმა, მაიკ ჩიტვუდმა საკუთარი თანამშრომლის საქციელი, რომელმაც პატრულის ახალი SUV-ი პირდაპირ ტბაში ჩააგდო. ირკვევა, რომ ოფიცერი არანაირ გამოძახებაზე არ მიეშურებოდა, თუმცა ავარიის მომენტში მისი სიჩქარე 150 კმ/სთ-ს აჭარბებდა. ამ ინციდენტმა გადასახადების გადამხდელები დაახლოებით 73 000 დოლარით აზარალა. შედეგად, დეპარტამენტი იძულებულია, პოლიციელების სიჩქარის მკაცრი კონტროლი დაიწყოს.
ახლომდებარე კამერების მიერ ჩაწერილ კადრებში მკაფიოდ ჩანს, როგორ შედის საპატრულო მანქანა დიდი სიჩქარით წყალში. საქმის მასალებით დგინდება, რომ ის 148 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. ტელეკომპანია FOX 35-ის კითხვაზე, თუ სად მიეჩქარებოდა ოფიცერს, შერიფის პასუხი ძალიან მოკლე და კონკრეტული იყო — არსად.
ეკიპაჟი გადარჩა, მანქანა – ვერა
საბედნიეროდ, არც პოლიციელი და არც მისი ოთხფეხა მეწყვილე (K-9 ძაღლი) სერიოზულად არ დაშავებულან. აი, საპატრულო ავტომობილს კი ნამდვილად არ გაუმართლა — ექსპერტიზამ ის ჩამოსაწერად გაიმეტა.
შერიფი ჩიტვუდი საჯარო გამოსვლაში უჩვეულოდ პირდაპირი იყო და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი შეიძლებოდა ტრაგედიით დასრულებულიყო — „შენ 73 000 დოლარის ზარალი მიაყენე ბიუჯეტს. შეიძლება მოგეკლა საკუთარი თავი, შენი მეწყვილე ან ნებისმიერი სხვა ადამიანი, ვინც იმ მომენტში გზაზე იმყოფებოდა“.
შიდა მოკვლევის დასრულებამდე ოფიცერი უკვე მოხსნეს სპეციალური დავალებებიდან, მათ შორის SWAT-ისა და K-9 დანაყოფებიდან. მის მიმართ დამატებითი დისციპლინური სასჯელიცაა მოსალოდნელი. ამ ავარიამ უწყებაში იმაზე მასშტაბური რეფორმა გამოიწვია, ვიდრე უბრალოდ ერთი რიგითი თანამშრომლის დასჯაა. ვოლუსიას შერიფის ოფისი სასწრაფო წესით ნერგავს შიდა მონიტორინგის სისტემას, რომელიც რეგულარულად შეამოწმებს პოლიციელების მოძრაობის სიჩქარეს და მონაცემებს პირდაპირ ხელმძღვანელებს გადაუგზავნის.
თუ აღმოჩნდება, რომ პოლიციელი სიჩქარეს გადაჭარბებით მართავს კანონიერი და გადაუდებელი მიზეზის გარეშე, მას ახსნა-განმარტების დაწერა მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მკაცრად დაისჯება.
„ძალიან სამწუხაროა, რომ პროფესიონალებთან ასეთი მეთოდებით მუშაობა გვიწევს. მაგრამ, თუ პროფესიონალურად არ იქცევი, მაშინ მე იძულებული ვარ, გაიძულო პროფესიონალიზმი“, — განაცხადა შერიფმა.