კვლევა, სერვისი, ფასების ზრდა, ავტომობილის შეკეთება
Aa
Aa

ავტომობილის მომსახურების ხარჯები სტაბილურად იზრდება — კვლევა

თანამედროვე ავტომობილები უფრო უსაფრთხო, ჭკვიანი და ტექნოლოგიურად დახვეწილია, ვიდრე ოდესმე, თუმცა ამ პროგრესს თავისი უარყოფითი მხარეც აქვს. დღეს პროგრამული უზრუნველყოფა ისეთივე მნიშვნელოვანი გახდა, როგორც ჭანჭიკები და ქანჩები. დამოუკიდებელი ავტოსერვისები აცხადებენ, რომ ახალი მანქანების მომსახურებისთვის საჭირო ხარჯები კონტროლს აღარ ექვემდებარება. შედეგი? სულ უფრო ნაკლებ უბნის ხელოსანს შეუძლია იმ სპეციალიზებული ხელსაწყოებისა თუ ლიცენზირებული პროგრამების შეძენა, რომლებიც დღევანდელი მანქანების შესაკეთებლადაა საჭირო. ეს კი მძღოლებს არჩევანის გარეშე ტოვებს და სერვისის ფასებს ზრდის.

გამოცემა The Detroit News-ის ახალი ანგარიში დეტალურად მიმოიხილავს, თუ როგორ ცვლის „პროგრამულად მართვადი ავტომობილები“ საავტომობილო რემონტის ბიზნესს. მიუხედავად იმისა, რომ ქარხნულ საინფორმაციო ბაზებზე წვდომა დამოუკიდებელ სახელოსნოებს ისევ აქვთ, დიაგნოსტიკური აპარატურის, პროგრამებისა და პერსონალის გადამზადების კატასტროფული ხარჯების გამო, მათ კონკურენციაში შესვლა სულ უფრო უჭირთ.

წლების წინ, ავტომობილის შესაკეთებლად მხოლოდ მექანიკური ცოდნა და კარგი ინსტრუმენტების ნაკრები იყო საკმარისი. დღეს კი ელემენტარული, რუტინული სამუშაოც კი მოითხოვს მწარმოებლის სპეციფიკურ პროგრამულ უზრუნველყოფას — შეცდომების წასაკითხად, ახალი მოდულების დასაპროგრამებლად ან სისტემური განახლებების დასაყენებლად.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ქარხნული დიაგნოსტიკური პროგრამების წლიური გამოწერა ათასობით დოლარი ჯდება. მაგალითად, Tesla წლიურ ლიცენზიაში $3188-ს ითხოვს, Ford-ის წლიური პაკეტი დაახლოებით $2500 ჯდება, ხოლო General Motors-ის გამოწერა კი $1200-მდე აღწევს.

თუ სერვისცენტრი მულტიბრენდულია და სხვადასხვა მარკის ავტომობილებზე მუშაობს, ეს ხარჯები გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. გარდა ამისა, თანამედროვე მანქანები სავსეა კამერებით, რადარებითა და მძღოლის დამხმარე სისტემებით, რომლებსაც მცირე ავარიის ან თუნდაც საქარე მინის შეცვლის შემდეგ, ძვირადღირებული სპეციალიზებული კალიბრაცია სჭირდებათ.

ავტომწარმოებლებისა და ოფიციალური დილერებისთვის ეს სიტუაცია, პირიქით, იდეალურია. ბრენდებს ყოველთვის სურდათ მეტი კონტროლი იმაზე, თუ ვინ შეაკეთებს მათ მიერ გაყიდულ მანქანებს. დილერებისთვისაც სერვისი არის ის სფერო, საიდანაც ძირითად მოგებას იღებენ. შესაბამისად, პროგრამული ბარიერები, რომლებსაც დამოუკიდებელი ხელოსნები აწყდებიან, პირდაპირ ოფიციალური ცენტრების ინტერესებში შედის.

აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, ავტომობილების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ხარჯები 36%-ით გაიზარდა 2022 წლის მაისიდან 2026 წლის მაისამდე პერიოდში, საიდანაც მხოლოდ ბოლო ერთ წელში მატებამ 6% შეადგინა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები