შესაძლოა, ახალი Cadillac-ი შანხაიში შექმნილ პლატფორმას დაეყრდნოს
თუ Reuters-ის მიერ გავრცელებული ცნობები სიმართლეს შეესაბამება, Cadillac Optiq-ის შემდეგი თაობა ბევრად უფრო მეტად იქნება დაკავშირებული შანხაისთან, ვიდრე დეტროიტთან. General Motors-ი სერიოზულად განიხილავს თავისი მდიდრული ელექტრო ქროსოვერისთვის ჩინეთში შემუშავებული პლატფორმის გამოყენებას.
ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?
საქმე ეხება არქიტექტურას სახელწოდებით Xiao Yao. ის GM-ისა და მისი ჩინელი პარტნიორის, SAIC-ის ერთობლივი საინჟინრო ცენტრის მიერ შანხაიში შეიქმნა. ეს პლატფორმა უკვე გამოიყენება დამუხტვად ჰიბრიდ Buick Electra E7-ში, რომელმაც ჩინეთის ბაზარზე ბევრად უფრო დიდი წარმატება მოიპოვა, ვიდრე Buick-ის წინა მოდელებმა, რომლებიც ამერიკულ Ultium ტექნოლოგიაზე იყო ბაზირებული. იგივე არქიტექტურა უდევს საფუძვლად L7 სედანსაც, რომელიც როგორც ჰიბრიდული, ისე სრულად ელექტრონული ვერსიით გამოდის.
მართალია, Buick Electra E7-ის აშშ-ში იმპორტი არ იგეგმება, თუმცა Reuters-ის წყაროების ცნობით, მისი კომპონენტების ბაზა შესაძლოა ამერიკული ბაზრისთვის განკუთვნილ მომავალ Cadillac Optiq-ში ვიხილოთ, სადაც ის ამჟამინდელ Ultium-ის არქიტექტურას ჩაანაცვლებს. აღსანიშნავია, რომ გამოცემა InsideEVs-ის მიერ დასმულ კითხვაზე GM-ის ჩრდილოამერიკულმა ოფისმა თავდაპირველად კატეგორიულად უარყო Xiao Yao პლატფორმის აშშ-ში გამოჩენა, მოგვიანებით კი Reuters-ის სტატიას უბრალოდ „სპეკულაციური“ უწოდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე Optiq-ი ჩინეთში 2023 წელს ჩაეშვა წარმოებაში, ამერიკაში კი ორი წლით გვიან გამოჩნდა. აშშ-ის ბაზარი მხოლოდ ორძრავიან, სრულამძრავიან ვერსიას იღებს, მაშინ როცა ჩინელ მომხმარებლებს წინა წამყვანი და შედარებით მცირე ელემენტიანი ვარიანტების არჩევაც შეუძლიათ. რაც შეეხება Electra E7-ის ძალოვან აგრეგატს, ის 1.5-ლიტრიან ტურბინიან ძრავასა და ელექტროძრავს აერთიანებს და მხოლოდ ელექტროენერგიით 160 კილომეტრამდე მანძილის გავლა შეუძლია.
ათწლეულების განმავლობაში ჩინეთი ძირითადად სხვა ქვეყნებში შექმნილი პროდუქციის ასაწყობ ბაზას წარმოადგენდა. თუმცა დღეს ტენდენცია რადიკალურად იცვლება: გლობალური ავტოგიგანტები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ჩინურ საინჟინრო გუნდებს ისეთი ავტომობილებისა და ტექნოლოგიების შესაქმნელად, რომლებიც შემდეგ მთელ მსოფლიოში იქნება ექსპორტირებული.

ჩინური Xiao Yao არქიტექტურა იყენებს ისეთ ტექნოლოგიებს, რომლებიც GM-ის ამერიკულ ელექტრო-პლატფორმებს ამჟამად არ გააჩნია — მათ შორისაა 900-ვოლტიანი ელექტრო სისტემა და ულტრა-სწრაფი დამუხტვის ფუნქცია.
Cadillac Optiq-ის ირგვლივ არსებული გეგმები გლობალური ინდუსტრიული ტენდენციის ნაწილია. Volkswagen-ი, Renault-ი, Hyundai და სხვა წამყვანი ბრენდები ჩინურ საინჟინრო ცენტრებს სულ უფრო მეტ ავტონომიას ანიჭებენ, რათა მოდელების შემუშავების ციკლი დააჩქარონ.