ავარია, ავტოსაგზაო შემთხვევა, აშშ, ტესლა, ტესლა საიბერთრაქი
Aa
Aa

მძიმე ავარიის შედეგად Tesla Cybertruck-ი შუაზე გაიხლიჩა

ჩვენ გვინახავს სხვადასხვა სახის ინციდენტებში მოყოლილი Tesla Cybertruck-ები — დაწყებული მცირე ნაკაწრებიდან, დასრულებული უგზოობაზე სალტოების კეთებით თუ ცარიელ აუზში ჩავარდნით. თუმცა, მასშტაბური ავარიის შემდეგ ორად გაპობილი Cybertruck-ი, ალბათ, ყველაზე ექსტრემალური და შოკისმომგვრელი კადრია, რაც კი ამ მოდელის გარშემო ოდესმე გვინახავს.

ეს შემთხვევა შაბათს ნაშუადღევს მერილენდის შტატში, სილვერ სპრინგში მოხდა, სადაც სატვირთო ავტომობილმა მართვა დაკარგა და მოძრავ ნაკადს დაეჯახა. შემთხვევის ადგილზე მისულ მაშველებს საშინელი სურათი დახვდათ: უამრავი დაზიანებული მანქანა და ერთი Cybertruck-ი, რომელიც პიკაპს კი არა, უფრო ავტოშოუებზე წარმოდგენილ გაჭრილ საგამოფენო მაკეტს ჰგავდა. მონტგომერის ოლქის პოლიციის ცნობით, ჯაჭვურ ავარიაში სულ მცირე 10 ავტომობილი მონაწილეობდა. მეხანძრე-მაშველებს რამდენიმე ადამიანის ავტომობილებიდან ამოსაყვანად სპეციალური ტექნიკის გამოყენება დასჭირდათ. კადრებში ჩანს გზაზე მიმოფანტული ნაწილები და სხვადასხვა კუთხით დაჯახებული მანქანები. ერთ-ერთი შავი ქროსოვერი გვერდზეა გადაბრუნებული პირდაპირ სატვირთოს უკან, ხოლო მეორე მანქანა სატვირთოს წინ დგას და ისეთი ვიზუალი აქვს, თითქოს გვერდითი დარტყმის შემდეგ გზაზე დიდი მანძილით ათრიეს.

თუმცა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მაინც Tesla-ს უჟანგავი ფოლადის პიკაპი მოექცა. ეს მანქანა გამოჩენის დღიდან იწვევს აზრთა სხვადასხვაობას — ადამიანებს ის ან უზომოდ უყვართ თავისი ფუტურისტული დიზაინის გამო, ან პირიქით, სძულთ. ამ ავარიის შემდეგ კი პიკაპის კაბინა მთლიანად მოწყდა უკანა ნაწილს, რის შედეგადაც სქელი კაბელები პირდაპირ ჰაერში დარჩა დაკიდებული.

საბედნიეროდ, შედეგი ბევრად უფრო მსუბუქი აღმოჩნდა, ვიდრე ეს ნამსხვრევების დანახვისას შეიძლება გეგონოთ. შემთხვევის ადგილიდან გადაღებული ფოტოების მასშტაბებიდან გამომდინარე, ყველაფერი შესაძლოა გაცილებით ტრაგიკულად დასრულებულიყო — პოლიციის ცნობით, დაშავდა სულ 10 ადამიანი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები