Nissan-ის სუპორტების ფერები დეკორაცია არ არის — რას ნიშნავს თითოეული მათგანი?
მძღოლების უმეტესობისთვის სამუხრუჭე სუპორტების ფერი, სავარაუდოდ, უბრალო დიზაინერული შტრიხია — რაღაც, რაც მანქანის ძარის ფერთან შესახამებლად ან კონტრასტის შესაქმნელად ირჩევა. თუმცა, Nissan-ის შემთხვევაში საქმე გაცილებით სერიოზულადაა და იაპონურმა ავტომწარმოებელმა ახლახან ახსნა, თუ როგორ უნდა წავიკითხოთ ეს ფერები.
ასევე იხილეთ: როგორ გაიქცა იაპონიის ციხიდან Nissan-ის გადამრჩენელი ბოსი?
 
ბრენდის ამერიკული განყოფილების განცხადებით, მუხრუჭებზე გამოყენებული ფერები ვიზუალური ენაა, რომელიც ზუსტად მიგვანიშნებს, თუ რა დონის დამუხრუჭების შესაძლებლობები იმალება დისკებს მიღმა. ამ სისტემამ სათავე 1999 წლის R34 Skyline GT-R-იდან აიღო, სადაც Brembo-ს სამუხრუჭე სისტემის გამოყენება ავტომობილის სავიზიტო ბარათად იქცა. წლების განმავლობაში, სხვადასხვა ფერი გამოიყენებოდა ყველაფრის განსასხვავებლად — ყოველდღიური მუხრუჭებიდან დაწყებული, სარბოლო ტრასაზე მძიმე დატვირთვისთვის განკუთვნილი სისტემებით დამთავრებული.
ვერცხლისფერი სუპორტები
იერარქიის ყველაზე დაბალ საფეხურზე ვერცხლისფერია. ეს არის ფერი, რომელსაც Nissan-ის მოდელების აბსოლუტურ უმრავლესობაზე შეხვდებით და ის ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოხმარებისთვის განკუთვნილ სამუხრუჭე პაკეტზე მიუთითებს. Nissan ხაზს უსვამს, რომ ეს სისტემები მაინც უზრუნველყოფს ეფექტურ დამუხრუჭებას, თუმცა ადგილობრივ ტრასაზე რამდენიმე აგრესიული წრის შემდეგ, თუ მუხრუჭებს დასასვენებლად დრო არ მიეცით, თქვენი Nissan Sentra-ს სუპორტები, სავარაუდოდ, სანაგვეზე აღმოჩნდება.

წითელი სუპორტები
სპორტული Z-ის საბაზო ვერსიაც კი ქარხნულად ვერცხლისფერი, ორდგუშიანი სუპორტებით გამოდის. თუმცა, Z Performance კომპლექტაცია გადადის უფრო სერიოზულ, Akebono-ს ოთხდგუშიან სუპორტებსა და უფრო დიდ დისკებზე, ხოლო სუპორტები წითლადაა შეღებილი, რათა განსხვავება ყველამ დაინახოს.

Nissan-ს აქვს წითელი საღებავის კიდევ ერთი, უფრო მკვეთრი ელფერიც, რომელსაც ამჟამად მხოლოდ Z Nismo-სთვის ინახავს. ეს უბრალო მარკეტინგული სვლა როდია — Nismo-მ მიიღო GT-R-ისგან ნასესხები წინა სამუხრუჭე სისტემა, მათ შორის ტრასისთვის კიდევ უფრო უკეთ ადაპტირებული სუპორტები და უფრო დიდი ზომის დისკები.

ოქროსფერი და ყვითელი სუპორტები
Z Nismo დაახლოებით 15 წლის წინ რომ გამოეშვათ, მისი სუპორტები აუცილებლად ოქროსფერი იქნებოდა. ეს ფერი წლების განმავლობაში Nissan-ის მთავარ სპორტულ სიმბოლოდ ითვლებოდა — R34 GT-R-იდან მოყოლებული, ამერიკელი ენთუზიასტებისთვის საყვარელ 350Z Track Edition-სა და R35 GT-R-მდე.

რაც შეეხება ყვითელ სუპორტებს — ეს Nissan-ის სამუხრუჭე იერარქიის მწვერვალია. ისინი განკუთვნილია ნახშირბად-კერამიკული სამუხრუჭე სისტემებისთვის, რომლებიც გათვლილია ექსტრემალურ ტემპერატურასა და ტრასაზე მძიმე დატვირთვაზე. ამჟამად ახალ Nissan-ს ყვითელი სუპორტებით ვერ იყიდით, თუმცა მოდელები, რომლებსაც ის ბოლო წლებში ჰქონდათ, მოიცავს 2020 წლის GT-R Nismo-ს და GT-R Track Edition-ს.

თუ Nissan-ის თავგადაკლული ფანი ხართ, ეს ყველაფერი შესაძლოა უკვე იცოდით, ისევე როგორც ის იშვიათი გამონაკლისები, როგორიცაა Italdesign GT-R50-ის წითელი სუპორტები. დაახლოებით ისე, როგორც Porsche-ს მოყვარულებმა იციან გერმანული ბრენდის მსგავსი კოდირების შესახებ: Porsche-ს სპორტული მოდელები ფოლადის მუხრუჭებით იღებენ წითელ სუპორტებს, ნახშირბად-კერამიკული სისტემით — ყვითელს, ხოლო ჰიბრიდები ხშირად მკვეთრი მწვანე აქცენტებით გამოირჩევიან.