Ford-ი, BlackRock-ი და Google-ი აშშ-ში კვალიფიციური მუშახელის დეფიციტის აღმოსაფხვრელად ერთიანდებიან
Ford-ის გენერალურ დირექტორს, ჯიმ ფარლის, წუწუნი ჩვეულებად ექცა. უმეტესწილად მისი უკმაყოფილება ჩინეთს უკავშირდება, თუმცა ხანდახან ამერიკელ კონკურენტებსაც „გადაწვდება“ ხოლმე, რომლებსაც წარმოება კანადაში, მექსიკასა და სამხრეთ კორეაში აქვთ გადატანილი.
ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ღარიბმა ფერმერმა ბიჭმა „ფორდის“ იმპერია?
თუმცა, მისი ერთ-ერთი „საყვარელი“ საწუხარი ისაა, რომ ხალხს Ford-ის დილერებთან მუშაობა არ სურს. შესაძლოა, ეს იმითიც იყოს განპირობებული, რომ კომპანია ავტომობილების უკან გაწვევის აღიარებული მეფეა და წელს უკვე სარეკორდო, 59 ასეთი კამპანია ჩაატარა. მიუხედავად ამისა, ფარლი პრობლემას ე.წ. აუცილებელი მუშახელის ნაკლებობას აბრალებს.
ჯერ კიდევ 2025 წელს მან განაცხადა, რომ ეს პრობლემა ავტოსალონების ფარგლებს სცდება და ქვეყანაში „მილიონზე მეტი ვაკანსიაა კრიტიკულ სექტორებში — გადაუდებელ სამსახურებში, სატვირთო გადაზიდვებში, ქარხნებში, ასევე სანტექნიკოსების, ელექტრიკოსებისა და ხელოსნების მიმართულებით“. მან იქვე დასძინა, რომ აშშ-ს არ გააჩნია პროფესიული სასწავლებლები და მომავალ თაობაში საკმარისი ინვესტიცია არ ჩადებულა.

ბედის ირონია: ომი, Google და ტანკები
იმავე გამოსვლაში ფარლიმ ირონიულადაც აღნიშნა:
„ღმერთმა ნუ ქნას, ომში ჩავებათ, თორემ Google ნამდვილად ვერ აგიგებთ იმ თვითმფრინავებსა და ტანკებს, რომლებიც ასე გვჭირდება“

ბედის ირონიით, დღეს, როდესაც ირანთან საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, Ford-ი სწორედ Google-თან წყვილდება. თუმცა, ტანკებისა და თვითმფრინავების აწყობას არავინ აპირებს — პირიქით, მათ BlackRock-თან და Carhartt-თან ერთად შექმნეს გაერთიანება Alliance for America’s Skilled Trades.
ორგანიზაციას სამი ძირითადი მიზანი აქვს, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კვალიფიციური კადრების მომზადების სისტემის შექმნაა. გარდა ამისა, ალიანსი გეგმავს სპეციალური ანგარიშის გამოქვეყნებას და ახალი პარტნიორების მოზიდვით გაფართოებას.
ჯგუფმა უკვე გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ „2030 წლისთვის ეროვნულ დონეზე, სხვადასხვა ინდუსტრიასა და რეგიონში, დაახლოებით 2.1 მილიონი კვალიფიციური ადგილის შევსება ვერ მოხერხდება“. მათ შორის იგულისხმება 350 000-ზე მეტი ავტოტექნიკოსის და დაახლოებით 130 000 ელექტრიკოსის ვაკანსია.

ამ კრიზისის დასაძლევად კომპანიები ერთიანდებიან, რათა „შეავსონ ასობით ათასი ვაკანტური ადგილი, შექმნან რეალური კარიერული შესაძლებლობები და ხალხს მაღალმოთხოვნადი უნარები შესთავაზონ“. პროგრამა 30 შტატში ტრენინგებით იწყება და მისი მიზანი როგორც სკოლის კურსდამთავრებულების, ისე პროფესიის შეცვლის მსურველი ზრდასრულების მიზიდვაა.
სამწუხაროდ, ამ ეტაპზე პროექტი უფრო ლამაზად ჟღერს, ვიდრე რეალურ საქმეზე მიუთითებს. ძნელი სათქმელია, შეიცვლება თუ არა სიტუაცია, თუმცა ალიანსში აცხადებენ, რომ თანამშრომლობენ პროფკავშირებთან, ასოციაციებთან, არასამთავრობოებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. თუმცა, კონკრეტულად რას აკეთებენ ან როგორ აპირებენ დასახული მიზნების მიღწევას, ჯერჯერობით არავის განუმარტავს.