Range Rover GT | ყველაზე „სედანისებური“ მოდელი Range Rover-ის ისტორიაში
ბრიტანული ავტომწარმოებლის, Jaguar Land Rover-ის, Range Rover-ის ოჯახს ახალი წევრი შეემატა. თქვენ წინაშე Range Rover GT-ია — მოდელი, რომელიც, ალბათ, ამ ბრენდის მრავალწლიან ისტორიაში ყველაზე მეტად წააგავს სედანს. არსებული რეგულაციების გათვალისწინებით კი, წესით, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ბრიტანელების ახალი, გრანდ-ტურიზმოს ტიპის ავტომობილიც სრულად ელექტროა.

დაბალძარიან, დახვეწილი ფორმების მქონე კროსოვერს Jaguar Land Rover-ის ინჟინრები რამდენიმე თვის განმავლობაში დაუღალავად ტესტავდნენ. მიზანი იყო, მიეღოთ მოდელი, რომელიც ტრადიციულ SUV-ზე მეტად სპორტულ სედანს წააგავდა. თავდაპირველად გაჩნდა ვარაუდები, რომ ეს ახალი თაობის Range Rover Velar-ი უნდა ყოფილიყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ პროტოტიპები სრულიად ახალ მოდელს, Range Rover GT-ს, ეკუთვნოდა.
როგორც ცნობილია, ახალი ელექტრომობილით არც Velar-ის ჩანაცვლება იგეგმება. Range Rover-ი ამ უკანასკნელსაც წარმოებაში დატოვებს, ხოლო GT დამოუკიდებელ ავტომობილად მოგვევლინება. საწყის ეტაპზე ავტომობილი მხოლოდ ელექტროძრავით იქნება შემოთავაზებული, თუმცა მოგვიანებით მისი ჰიბრიდული ვერსიების გამოშვებაც იგეგმება.

Range Rover GT ბრიტანული კომპანიის მიერ შექმნილ ახალ, მოქნილ EMA პლატფორმას ეფუძნება და დიზაინით Jaguar-ის მომდევნო თაობის ელექტრომობილებსაც წააგავს. გარეგნულად ის Range Rover Sport-საც ჰგავს — ამაზე მეტყველებს მისი დაბალი წინა ნაწილი და მაშუქების სტილი, თუმცა გაცილებით დაბალია და უფრო კუპეს სტილის პროფილი აქვს. გვერდიდან მისი დიზაინი შესაძლოა Cadillac Celestiq-საც შევადაროთ, თუმცა Range Rover GT უფრო კომპაქტური იქნება.

განსაკუთრებული ყურადღება ინტერიერს ექცევა — სალონი მნიშვნელოვნად განსხვავდება Range Rover-ის აქამდე არსებული მოდელებისგან და ამ შემთხვევაშიც მომავალი Jaguar-ის დიზაინს უახლოვდება. ავტომობილს ექნება უჩვეულო ფორმის ჰორიზონტალური ელემენტები და სენსორული მართვის ღილაკები. ინტერიერში დაგვხვდება თხელი ციფრული მონაცემთა დაფა, დიდი ცენტრალური მულტიმედიური დისპლეი და ცენტრალური კონსოლი.
Range Rover GT საწყის ვერსიებში მხოლოდ 4-ადგილიანი იქნება, თუმცა მოგვიანებით მომხმარებლებს 5-ადგილიანი ვერსიის შეკვეთის შესაძლებლობაც მიეცემათ. უცნობია, როდის დაიწყება შეკვეთების მიღება ან რა ეღირება GT-ის ვერსიები.

Range Rover-ის მმართველი დირექტორის, მარტინ ლიმპერტის განცხადებით, ახალი GT „გრანდ-ტურიზმოს სეგმენტს შეცვლის“ და მძღოლებს გრძელ და დამღლელ გზებზე კომფორტულ მგზავრობასთან ერთად შესთავაზებს შესაძლებლობებს, რომლებიც GT-ის სტანდარტულ მოდელებს არ აქვთ.