პროტოტიპები, ტოიოტა, ტოიოტა სელიკა, ტოიოტა ემარ2
Aa
Aa

Toyota-ს ახალი მოდელი პაპარაცებმა სარბოლო ტრასაზე გამოცდისას დააფიქსირეს

Toyota არ ჩერდება და აქტიურად აგრძელებს შუაძრავიანი GR-მოდელის შემუშავებას. ჯერჯერობით უცნობია, ატარებს თუ არა ახალი ავტომობილი ლეგენდარული Celica-სა თუ MR2-ის სახელს, თუმცა ერთი რამ ცხადია — პროექტი რეალურია. ამჯერად, შესაძლოა, პირველად ვნახეთ მომავალი MR2, რომელიც იაპონიაში, ექსკლუზიურ სარბოლო ტრეკზე გამოსაცდელად გამოყვანილი დააფიქსირეს.

ასევე იხილეთ: რატომ იყო Toyota-ს ტყუილი გენიალური? - Cellica-ს გასაოცარი ისტორია

საიდუმლო პროტოტიპის ფოტოები და მოკლე ვიდეო X-ზე გამოქვეყნდა და მაშინვე ვირუსულად გავრცელდა. ავტომობილს აგრესიული, სპორტული დგომი და ორკარიანი კუპეს სილუეტი აქვს. Yaris-ისგან ნასესხები წინა და უკანა მაშუქები, მკვეთრად გამოხატული სპლიტერი, განიერი ფრთები და „გედის ყელის“ ტიპის უკანა სპოილერი. ჯერ კიდევ გაურკვეველია, ეს უბრალოდ სხვადასხვა დეტალებისგან აწყობილი საცდელი მოდელია თუ ადრეული პროტოტიპი, თუმცა აშკარაა, რომ მასზე არსებული კომპონენტები უკვე ნაცნობი მოდელებიდანაა ათვისებული.

პროპორციებით ის ძლიერ წააგავს 2023 წლის პროტოტიპს — Toyota FT-Se-ს, რომელიც სწორედ მომავალი MR2-ის წინამორბედად მოიაზრებოდა. უკანა ფრთებზე არსებული ჰაერის შემშვები და კაპოტზე დატანილი ჭრილი თითქმის ადასტურებს, რომ ძრავა ცენტრშია განთავსებული — ზუსტად ისე, როგორც ეს GR Yaris M Concept-ში ვიხილეთ. გარდა ამისა, ეს მოდელი საგრძნობლად განსხვავდება WRC-ის ეტაპებზე შემჩნეული სატესტო Gazoo Racing-ის პროტოტიპისგან.

ორიგინალი MR2 ცენტრალური ძრავითა და უკანა ამძრავობით გამოირჩეოდა, თუმცა ახალ მოდელში, სავარაუდოდ, სრულ ამძრავობას და წინა/უკანა Torsen-ის ბლოკირებად დიფერენციალებს ვიხილავთ. ინჟინრების თქმით, საცდელ პლატფორმაზე სისტემას შეუძლია სიმძლავრის 100% უკანა თვლებს მიაწოდოს, ან ამის საჭიროებისას, 50% წინა ღერძზე გადაანაწილოს. მთავარი კითხვა ისევ ღიად რჩება: შესთავაზებს თუ არა Toyota მომხმარებელს მექანიკურ გადაცემათა კოლოფს, თუ არჩევანს მხოლოდ 8-სიჩქარიან ავტომატურზე შეაჩერებს.

Toyota-ს ახალი G20E 4-ცილინდრიანი ძრავა

ახალი MR2-ისა და Celica-ს კაპოტის ქვეშ Toyota-ს სრულიად ახალი, 2-ლიტრიანი ტურბო-ოთხცილინდრიანი ძრავა (G20E) იმალება. ის ჩაანაცვლებს ცნობილ 1.6-ლიტრიან 3-ცილინდრიან აგრეგატს, რომლითაც GR Yaris-ი და GR Corolla არიან აღჭურვილი. მწარმოებლის განცხადებით, ახალი ძრავა უფრო გამძლე და კომპაქტურია, ვიდრე ამჟამინდელი 2.4-ლიტრიანი ტურბო. 

სტანდარტულ ვერსიაში აგრეგატი 300 ცხ.ძ-სა და 400 ნიუტონს გამოიმუშავებს. ფორსირებულ ვერსიას კი სიმძლავრე 400 ცხ.ძ-მდე, ხოლო მაბრუნი მომენტი 550 ნიუტონ-მეტრამდე აჰყავს.

იმედია, Toyota მალე მეტ დეტალს გაამხელს GR-ხაზის გაფართოებაზე და ახალ პროტოტიპსაც წარადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები