ჯეიკ პოლის კოლექციას Mansory-ის ყველაზე ექსტრემალური Cybertruck-ი შეემატა
ამერიკელმა მოკრივემ და ინფლუენსერმა, ჯეიკ პოლმა, თავის ავტოკოლექციას კიდევ ერთი გამორჩეული ავტომობილი შემატა. ექსკლუზიური მოდელი ცნობილ გერმანულ ტუნერს, Mansory-ს ეკუთვნის და ეს მოდიფიცირებული ელექტრომობილი Tesla Cybertruck-ი გახლავთ. ცნობისთვის, პოლის ახალი ავტომობილი Mansory-ს კატალოგში Elongation Evo-ს სახელწოდებითაა დამატებული.
ჯეიკ პოლი ექსტრავაგანტული სპორტული ავტომობილებისა და SUV-ების დიდი მოყვარულია, სწორედ ამიტომ, ამერიკელმა მოკრივემ არჩევანი არა Tesla-ს ელექტრომობილის სტანდარტულ ვერსიაზე, არამედ Mansory-ს ყველაზე რადიკალურ მოდიფიკაციაზე შეაჩერა.
View this post on Instagram
გერმანულმა ტუნერმა, რომელიც ავტომობილების კოლექციონერების შეკვეთების გარდა, „ფორმულა 1“-ის პილოტებისა და დუბაის პოლიციისთვისაც კი ამზადებს, ელექტროპიკაპს სრულიად განსხვავებული იერი შესძინა. ავტომობილის ექსტერიერი კარბონის ექსტერიერის დეტალებითაა დაფარული, რაც მას უფრო აგრესიულ იერს სძენს და Cybertruck-იც ბევრად უფრო მასიური ჩანს.
ელექტროპიკაპის წინა ნაწილში განახლებული და ბევრად მასიური ბამპერია დაყენებული, ხოლო უკანა მხარეს დამატებულია აეროდინამიკური დეტალები და დიდი ზომის დიფუზორი, რომელიც ავტომობილს ვიზუალურად „ფორმულა 1“-ის სტილთან აახლოებს. პოლის Cybertruck-ი 26-დუიმიანი შავი ფერის ალუმინის დისკებითაა აღჭურვილი, რომლებიც მაღალი წარმადობის საბურავებშია გახვეული.
View this post on Instagram
Mansory-ის Elongation Evo Tesla Cybertruck-ის ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური ვერსიაა და მისი დიზაინი სტანდარტულ მოდელს პრაქტიკულად ყველა დეტალში სცილდება. სტანდარტული ვერსიისგან რადიკალურად განსხვავებულია Mansory-ს მიერ მოდიფიცირებული Cybertruck-ის ინტერიერიც. ჯეიკ პოლმა ინტერიერისთვის მკვეთრი ლურჯი ფერის გაფორმება აირჩია — ავტომობილის ჭერი და გვერდითი პანელები ლურჯი ფერის ტყავითაა დაფარული, ხოლო სავარძლებისთვის თეთრი და ლურჯი ფერების კომბინაციაა გამოყენებული.
ასევე იხილეთ: ჯეიკ პოლის მრავალფეროვანი მანქანების კოლექცია
რა თქმა უნდა, Cybertruck-ის გარდა, პოლის ავტოფარეხში კიდევ არაერთი ექსკლუზიური თუ ძვირადღირებული ავტომობილი ინახება. თუმცა ამერიკელი ინფლუენსერის ფავორიტი მაინც 1958 წლის Ford Fairlane Skyliner-ია, რომელიც უნაკლოდ გამოიყურება. მანქანა 66 000 აშშ დოლარადაა შეფასებული და მოკრივის კოლექციაში საპატიო ადგილს იკავებს.