კალიფორნია სიჩქარის გადაჭარბებას მართვის მოწმობის ჩამორთმევით ებრძვის
კალიფორნიაში მძღოლები, რომლებიც შტატის გზებზე დასაშვებზე ბევრად მაღალი სიჩქარით გადაადგილდებიან, შესაძლოა მართვის მოწმობის ჩამორთმევის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ. შტატმა ახალი პროგრამა, FAST-ი (Forwarded Actions for Speeding Tickets), აამოქმედა, რომელიც სიჩქარის გადაჭარბების დარღვევებზე ადგილობრივ სატრანსპორტო დეპარტამენტს დაუყოვნებლივი რეაგირების საშუალებას მისცემს.
ასევე დაგაინტერესებთ: მავნე ჩვევები ავტომობილის მართვისას
FAST-ის პროგრამა ძირითადად იმ მძღოლებს ეხებათ, რომლებიც კალიფორნიის გზატკეცილების პატრულის (CHP) მიერ გზებზე 160 კმ/სთ-ზე მეტით გადაადგილებისთვის უკვე დაჯარიმდნენ. FAST გამოწერილ ჯარიმებს პირდაპირ სატრანსპორტო დეპარტამენტის (DMV) მძღოლთა უსაფრთხოების განყოფილებაში აგზავნის, სადაც დეპარტამენტი აღნიშნულ ინციდენტსა და მძღოლის ისტორიას უკვე თავად ამოწმებს.

ამის შემდგომ, კალიფორნიის ახალი პროგრამის უფლებამოსილებით, DMV-ს შეუძლია კანონდამრღვევი მძღოლისთვის მართვის მოწმობის შეჩერების პროცესი დაიწყოს. ამისათვის კი დეპარტამენტი არც სასამართლო გადაწყვეტილებას საჭიროებს და არც მძღოლის დამნაშავედ ცნობას. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს პროგრამა არ ნიშნავს, რომ ყველა დაჯარიმებულ მძღოლს მართვაზე ლიცენზია ავტომატურად შეუწყდება. მათ ადმინისტრაციული განხილვის გზით DMV-ის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეეძლებათ.
მიუხედავად ამისა, პირველადი მონაცემები ცხადყოფს, რომ სისტემა უკვე აქტიურად დაინერგა და გამოიყენება. 2026 წლის იანვრიდან მაისამდე პერიოდში CHP-მ FAST-პროგრამის ფარგლებში დეპარტამენტს 3 200-ზე მეტ შემთხვევაზე მიმართა. შედეგად კი, უწყებამ 3 000-ზე მეტ შემთხვევაში მართვის მოწმობის შეჩერების ან მძღოლისთვის ხელახალი გამოცდის მოთხოვნის პროცედურა დაიწყო. CHP-ის განცხადებით, გადაწყვეტილებების 94.3% ადმინისტრაციული განხილვის ეტაპზე გადავიდა.

პროგრამის მომხრეების თქმით, FAST-ის პროგრამა კალიფორნიას საშუალებას მისცემს, უფრო ეფექტიანად ებრძოლოს სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევებს და ფატალური ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია მოახდინოს. კრიტიკოსები კი პროგრამის ბევრ უარყოფით მხარეს ხედავენ და ეჭვქვეშ აყენებენ DMV-სთვის მსგავსი უფლებამოსილების მინიჭებასაც. თავად როგორ შეაფასებდით ამ პროგრამას? აუცილებელია ასეთი მკაცრი მიდგომა გადაჭარბებულ სიჩქარესთან დაკავშირებული კანონდარღვევების შემცირებისთვის?