აუქციონი, კადილაკი, კადილაკი სერია 62, ტუნინგი, ვი 8
Aa
Aa

აუქციონზე Cadillac-ის ოქროს ხანის ულამაზესი ნიმუში იყიდება

წლების განმავლობაში Cadillac-ს საკმაოდ შთამბეჭდავი კონცეპტუალური ავტომობილები შეუქმნია — სუპერქარ Cien-ით და Ciel-ით დაწყებული, 1988 წლის Voyage-ითა და 2003 წლის Sixteen-ით დასრულებული. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო პროექტი მათ გამოჩენამდე ათწლეულებით ადრე, ჯერ კიდევ 1955 წელს შეიქმნა. დღეს ეს ავტომობილი აუქციონზეა გამოტანილი და ახალ პატრონს ელოდება.

პროტოტიპს Elegante ჰქვია. მისი „კარიერა“ 1953 წლის Series 62 Convertible-ის ბაზაზე დაიწყო, სანამ საქმეში ნიუ-იორკელები — ჰარი ბირდსოლი და ჯო მასკარი ჩაერთვებოდნენ. მათ ავტომობილი ატელიე Carrozzeria Rocco Motto-ში გააგზავნეს, სადაც მან იმ ეპოქისთვის სრულიად ექსკლუზიური ძარა მიიღო. მზა ავტომობილი საზოგადოების წინაშე 1955 წლის ნიუ-იორკის საერთაშორისო ავტოშოუზე წარდგა და The New York Times-ის სტატიაშიც მოხვდა.

ავტომობილის გაყიდვას Kruse Auctions უზრუნველყოფს. ლოტის აღწერაში ძალიან ცოტა დეტალია მოყვანილი მისი მფლობელების ისტორიასა და იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა მის თავს პრეზენტაციიდან შემდგომ ათწლეულებში. თუმცა, ფოტოებიდან გამომდინარე, ავტომობილი თავისი ასაკის კვალობაზე დაუჯერებლად იდეალურ მდგომარეობაშია და ყველაზე ძვირადღირებულ თუ ექსტრავაგანტურ კერძო კოლექციასაც დაამშვენებდა.


ავტომობილის ძარა თეთრ ფერშია შეღებილი, რომელსაც ოქროსფერი აქცენტები კონტრასტულად ერწყმის — მათ შორის წინა მაშუქების ჩარჩოები, საქარე მინის კანტი, წინა ფრთებზე განთავსებული დეკორატიული ხაზები, კარების სახელურები და დისკები. 70 წელზე მეტი ასაკის მიუხედავად, ეს მანქანა ბევრ თანამედროვე სერიულ ავტომობილზე უკეთ გამოიყურება (მათ შორის თავად Cadillac-ის ზოგიერთ მოდელზეც).

ინტერიერი ექსტერიერზე ნაკლებად როდი გაოცებთ — სავარძლები და წინა პანელი წითელი ტყავითაა მოპირკეთებული, რასაც ხელსაწყოების პანელის, კარების შიდა ნაწილისა და ზღურბლების ოქროსფერი ელემენტები ავსებს. სალონს ასევე ამშვენებს დრამატული დიზაინის 3-ქიმიანი საჭე. ოდომეტრის მიხედვით, ავტომობილს სულ რაღაც 4329 მილი (6966 კმ) აქვს გავლილი.

რაც შეეხება ძალურ აგრეგატს, Elegante აღჭურვილია 5.4-ლიტრიანი Cadillac V8 ძრავით, რომელიც 4-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან არის დაწყვილებული. განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, არის თუ არა ავტომობილი მუშა მდგომარეობაში, თუმცა, სავარაუდოდ, მომავალი მფლობელი მას მხოლოდ საგამოფენო ექსპონატად გამოიყენებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები