Bugatti, McLaren, Maybach - რამდენი ძვირადღირებული ავტომობილი შემოვიდა წელს საქართველოში
საქართველოში ძვირადღირებული ავტომობილების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. თუ რამდენიმე წლის წინ ისეთი ბრენდები, როგორიცაა Bugatti, McLaren, Lamborghini ან Ferrari, ქვეყნის გზებზე მხოლოდ ერთეული რაოდენობით გადაადგილდებოდა, დღეს მათი რაოდენობა თანდათან იმატებს.
საქსტატის მიხედვით, საქართველოში უკვე 167 Bentley, 120 Rolls-Royce და 112 Lamborghini არის რეგისტრირებული. შედარებით იშვიათ ბრენდებს შორის კი ქვეყანაში სულ 5 Bugatti და 6 Maybach ფიქსირდება.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მონაცემებს, რამდენი ძვირადღირებული ავტომობილი შემოვიდა საქართველოში 2026 წლის პირველ ექვს თვეში და რამდენია მათი საერთო რაოდენობა ქვეყანაში:
Lamborghini – წელს 6 თვეში შემოვიდა 43 ერთეული, შედეგად, საქართველოში ჯამში 112 ერთეულია რეგისტრირებული.
Ferrari – წელს საანგარიშო პერიოდში შემოვიდა 26 ერთეული, ჯამში მათი რაოდენობა 100 ერთეულია.
Bugatti – წელს შემოვიდა 1 ერთეული, ჯამში – 5 ავტომობილი.
Rolls-Royce – წელს დარეგისტრირდა 14 ავტომობილი, ჯამში 120 ერთეულია.
Aston Martin – წელს შემოვიდა 6 ერთეული, ჯამში 39 ავტომობილია.
Bentley – წელს შემოვიდა 21 ერთეული, ჯამში 167 ავტომობილია.
McLaren – წელს შემოვიდა 1 ერთეული, ჯამში 9 ავტომობილია.
Maybach – წელს შემოვიდა 1 ერთეული, ჯამში 6 ავტომობილია.
მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოს ავტოპარკში პრემიუმ და ექსკლუზიური ავტომობილების წილი თანდათან იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ მათი ღირებულება ასობით ათასიდან რამდენიმე მილიონ დოლარამდე მერყეობს.
კერძოდ, აღნიშნული ბრენდები მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილების კატეგორიას მიეკუთვნება და მათი ფასები მოდელის, გამოშვების წლისა და ინდივიდუალური კომპლექტაციის მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება.
Lamborghini – ახალი ავტომობილების ფასი, როგორც წესი, 250 000 დოლარიდან იწყება, თუმცა ექსკლუზიური მოდელები 500 000 დოლარს აჭარბებს, შეზღუდული სერიის ავტომობილები კი რამდენიმე მილიონ დოლარადაც იყიდება.
Ferrari – ახალი მოდელები, ძირითადად, 300 000-დან 700 000 დოლარის ფარგლებში ღირს, თუმცა ბრენდის ლიმიტირებული სერიის ავტომობილების ღირებულება 2-3 მილიონ დოლარსაც აღწევს.
Bugatti – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ავტომწარმოებელია. Bugatti-ს ავტომობილების ფასი, როგორც წესი, 3 მილიონი დოლარიდან იწყება და კონკრეტული მოდელის მიხედვით 5 მილიონ დოლარს ან მეტსაც აღწევს.
Rolls-Royce – ბრენდის ყველაზე პოპულარული მოდელები ძირითადად 400 000-700 000 დოლარის დიაპაზონში ღირს, თუმცა ინდივიდუალური შეკვეთების შემთხვევაში ღირებულება 1 მილიონ დოლარსაც აჭარბებს.
Aston Martin – მოდელების ფასები, ძირითადად, 180 000-350 000 დოლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა ზოგიერთი 2-3 მილიონ დოლარზე მეტადაც ფასობს.
Bentley – ახალი ავტომობილების ღირებულება, როგორც წესი, 220 000-450 000 დოლარს შორისაა, თუმცა განსაკუთრებული ვერსიები და ინდივიდუალური კონფიგურაციები გაცილებით ძვირიც შეიძლება იყოს.
McLaren – უმეტესობა 250 000-500 000 დოლარის ფარგლებში იყიდება, ხოლო ბრენდის ლიმიტირებული მოდელების ფასი 2 მილიონ დოლარსაც აჭარბებს.
Maybach – სედანებისა და SUV-ების ფასი, როგორც წესი, 200 000-350 000 დოლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა სპეციალური გამოშვებების შემთხვევაში ღირებულება უფრო მაღალია.
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში პირველადი რეგისტრაცია დამატებით 78.7 ათასზე მეტმა ავტომობილმა გაიარა. შედეგად, საანგარიშო პერიოდის ბოლოს ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 1 975 829 შეადგინა.