ძრავა, კორვეტი, შევროლეტი, შევროლეტი კორვეტი
Aa
Aa

Corvette-მა ქარხნული ძრავით თითქმის ნახევარი მილიონი კილომეტრი გაიარა

2010 წლის Chevrolet Corvette C6 Grand Sport-მა, რომელიც ცნობილი ტუნერის, Callaway Cars-ის მიერ გახლავთ მოდიფიცირებული, ცოტა ხნის წინ შთამბეჭდავ ნიშნულს მიაღწია. ენთუზიასტებისთვის ერთ-ერთმა საყვარელმა ავტომობილმა, ქარხნული ძრავით, 480 000 კილომეტრამდე დაფარა.

Corvette Grand Sport-ის C6 თაობა Chevrolet-მა 2010 წელს წარადგინა. Callaway-მა კი ამ საწარმოო ხაზის ერთ-ერთი პირველი ეგზემპლარი საკუთარი მოდიფიცირებული ვერსიის შესაქმნელად გამოიყენა. ასე შეიქმნა SC606 — ავტომობილი, რომელიც LS3 V8-ის ძრავითაა აღჭურვილი და მოდიფიცირების შემდეგ უკვე Eaton-ის სუპერჩარჯერიც დაემატა. როგორც განახლებული ავტომობილის სახელწოდებიდანაც მიხვდებოდით, ეს უნიკალური Corvette 660 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მაშინ, როდესაც სტანდარტული Corvette Grand Sport-ი 430 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

თუმცა Callaway მხოლოდ სიმძლავრის გაზრდით არ შემოიფარგლა. მოდელი თავიდანვე ისე იყო დაპროექტებული, რომ მაღალი დატვირთვის პირობებშიც კი ხანგრძლივად ემუშავა. ამის დასტურია ეს კონკრეტული SC606-იც, რომელმაც, როგორც გითხარით, 480 000 კილომეტრამდე გაიარა და თან, ძრავის შეცვლის გარეშე.

ამჟამინდელ მფლობელთან ავტომობილის მოხვედრის ისტორიაც არანაკლებ საინტერესოა. გამოცემა Autoevolution-ის ინფორმაციით, წლების განმავლობაში Corvette-ს ტუნერი კვლევისა და განვითარებისთვის იყენებდა და ასობით კილომეტრიც სწორედ ამ პროცესში გაიარა.

უკვე მოგვიანებით, Callaway-ის ერთ-ერთმა მენეჯერმა მეგობარს ავტომობილის დროებით შენახვა სთხოვა. ავტომობილმაც ავტოფარეხში გადაინაცვლა, თუმცა მფლობელს მხოლოდ ერთი მარტივი თხოვნა ჰქონდა — მანქანა უძრავად არ უნდა დაეტოვებინა და პერიოდულად უნდა ეტარებინა. ეს არც ისეთი რთული დავალება აღმოჩნდა, რადგან ჩვენ წითელი ფერის C6 Corvette-ზე ვსაუბრობთ და, რა თქმა უნდა, მის მართვაზე უარსაც არავინ ამბობდა. ასე გადაიქცა კვირები თვეებად, თვეები კი — წლებად.

2020 წელს Callaway-მ ავტომობილის გაყიდვა გადაწყვიტა. ადამიანმა, რომელიც მანქანას წლების განმავლობაში უვლიდა, კომპანიასთან შეთანხმება გააფორმა და საბოლოოდ მანქანის ოფიციალური მფლობელიც გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელი მსოფლიოში ყველაზე დიდი გარბენის მქონე C6 Corvette არ გახლავთ, მისი ისტორია მაინც განსაკუთრებულია. მთავარი მიზეზი კი მისი მოდიფიცირებული ძრავაა, რომელიც დღემდე შესანიშნავ მდგომარეობაშია. მასთან ერთად, საკმაოდ კარგადაა შემონახული თავად ავტომობილიც, რაც დასტურია იმისა, რომ ახლანდელი მფლობელი მას მართლაც დიდი ყურადღებით უვლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები