ფოლცვაგენი, თანამშრომელთა შემცირება, ოლივერ ბლუმი
Aa
Aa

100 000-მდე სამუშაო ადგილის შემცირება და რესტრუქტურიზაცია | Volkswagen-ი კვლავ კრიზისშია

გერმანული ავტოგიგანტის პრობლემები არ სრულდება. 2026 წლის მეორე კვარტალში Volkswagen-მა მოსალოდნელზე სუსტი ფინანსური შედეგები აჩვენა და წლიური პროგნოზებიც შეამცირა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბაზარზე არსებული გამოწვევების ფონზე, მასშტაბური რესტრუქტურიზაციის მეორე ეტაპის დაწყება გარდაუვალია.

მიმდინარე წლის აპრილ-ივნისის პერიოდში Volkswagen-ის საოპერაციო მოგებამ 3.5 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 10%-ით ნაკლებია. ანალიტიკოსები ამ პერიოდისთვის დაახლოებით 4.3 მილიარდი ევროს მიღებას პროგნოზირებდნენ.

ფინანსური შედეგების გათვალისწინებით, გერმანულმა ავტომწარმოებელმა 2026 წლისთვის პროგნოზებიც შეამცირა. თუ ადრე Volkswagen-ი გაყიდვებიდან შემოსავლების 3%-იან ზრდას ვარაუდობდა, ახლა, პირიქით, წლიური შემოსავლის 3%-იანი კლებაა მოსალოდნელი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიშგების გამოქვეყნებამდე კომპანიამ ასევე დაადასტურა, რომ ხარჯების შესამცირებლად 100 000-მდე სამუშაო ადგილის გაუქმებას განიხილავდა. ეს რიცხვი თითქმის ორჯერ აღემატება ადრე დასახელებულ გეგმას და, როგორც წარსულშიც ვისაუბრეთ, წინააღმდეგობაში მოდის გერმანიის პროფკავშირებთან შეთანხმებულ პირობებთან.

Volkswagen-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლივერ ბლუმმა, თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში დააზუსტა, რომ კომპანიის ხარჯები კონკურენტებთან შედარებით დაახლოებით 20%-ით მაღალია. ამის გამო კი კომპანიის ოპტიმიზაციაც აუცილებელია. თუმცა Volkswagen-ის ფინანსურმა დირექტორმა, არნო ანტლიცმა, განაცხადა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობას არც სამუშაო ადგილების შემცირება და არც ქარხნების დახურვა არ სურს.

„ჩვენი მიზანი ხარჯების შემცირება, პროდუქტიულობის ზრდა და საწარმოების შესაძლებლობების უფრო ეფექტიანად გამოყენებაა. თუ ამისთვის ქარხნების დახურვაზე უკეთესი ალტერნატივა არსებობს, მას აუცილებლად განვიხილავთ“, — განაცხადა ანტლიცმა CNBC-თან ინტერვიუში.

ცნობისთვის, ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 3%-ით დაეცა, ხოლო წლის დასაწყისიდან მათი ღირებულება თითქმის 30%-ით არის შემცირებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები