ილონ მასკი, ტესლა, ტესლა საიბერთრაქი
Aa
Aa

მამაკაცმა $15 000-ად ხის ფუნქციური Cybertruck-ი შექმნა | Tesla-ს მფლობელის პასუხმაც არ დააყოვნა

ჯერ კიდევ მანამ, სანამ ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი, Tesla, იმ დროისთვის, ალბათ, მსოფლიოში ყველაზე უცნაური დიზაინის პიკაპს ოფიციალურად წარადგენდა, ცნობილმა იუთუბ-არხმა, ND Woodworking Art-მა, გამომწერებს თავისი გამორჩეული პროექტი შესთავაზა. ამისათვის მას დაახლოებით 100 დღე და $15 000 დასჭირდა და სასურველ შედეგსაც მიაღწია.

$15 000-ის ღირებულების პროექტი სრულად ფუნქციური Tesla Cybertruck-ია, თუმცა მისი ხისგან დამზადებული ვერსია. ND Woodworking Art-ის უნიკალური პროექტი კი არა მხოლოდ გარეგნობით ჰგავს ორიგინალს, არამედ იმითაც, რომ გადაადგილება შეუძლია.

პროექტის ავტორის მთავარი მიზანი Cybertruck-ზე მუშაობის დაწყების პირველივე დღიდან Tesla-ს დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის ყურადღების მიპყრობა იყო. მიზანს კი მაშინვე მიაღწია, როგორც კი სოციალურ ქსელში თავისი დასრულებული პროექტის ფოტო გამოაქვეყნა. პოსტს თავად მასკი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, გამოეხმაურა.

ND Woodworking Art-ი სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებლებისთვის საკმაოდ კარგად ნაცნობი კრეატორია. წლების განმავლობაში მან ხისგან არაერთი უჩვეულო პროექტი დაამზადა. მათ შორის იყო Ferrari 250 GTO, ტანკი და დიდი ზომის მატარებელი, რომელიც საკუთარი სოფლის ბავშვებისთვის ააგო.

არაერთი გამომწერის მოთხოვნის შემდეგ კი მან სრულიად განსხვავებულ და ამბიციურ პროექტსაც მოჰკიდა ხელი. ავტომობილისთვის მან ჯერ მეტალის ძარა დაამზადა, შემდგომ კი კორპუსი მთლიანად ხისგან გამოჭრა და დაამუშავა. მიუხედავად იმისა, რომ პიკაპის მთავარი კონსტრუქცია ხისგანაა დამზადებული, მას თანამედროვე დეტალებიც აქვს — მათ შორის, LED-მაშუქები, ციფრული ეკრანი და Cybertruck-ის მსგავსი საქარე მინის საწმენდი.

როგორც ვთქვით, ხის Cybertruck-ზე მუშაობა ND Woodworking Art-მა ჯერ კიდევ იქამდე დაიწყო, სანამ ელექტროპიკაპი ოფიციალურად გამოვიდოდა. შესაბამისად, მსგავსება უფრო შთამბეჭდავია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დიზაინის დიდი ნაწილი ხელმისაწვდომ ფოტოებზე დაყრდნობითაა შექმნილი.

რაც შეეხება Tesla-ს ხელმძღვანელის გამოხმაურებას, ის საკმაოდ მოკლე იყო. მილიარდერმა ხუმრობით დაწერა, რომ „ეს მუყაოს ვერსიას ნამდვილად სჯობს“, რითაც ოსტატის ნამუშევარი შეაქო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები