ავტომოყვარული, რომელმაც თავის Rolls-Royce-ს 77 წელი უერთგულა, კომპანიამ განსაკუთრებულად დააჯილდოვა
თავისი ავტომობილი ყველა ენთუზიასტს გამორჩეულად უყვარს. მათთვის ის მხოლოდ გადაადგილების საშუალება არაა — ცხოვრების განუყოფელი მეგზურია. სწორედ ასეთი სიყვარული აკავშირებდა ალენ სვიფტს თავის Rolls-Royce Phantom I-თან. მან ავტომობილს თითქმის 77 წლის განმავლობაში უერთგულა და ამისთვის ავტომწარმოებლისგანაც დამსახურებული აღიარება მიიღო.

ალენ სვიფტმა 1928 წლის Rolls-Royce Phantom I, Piccadilly Roadster-ის ძარით, თავის 26-ე იუბილეზე მამისგან საჩუქრად მიიღო. ალენმა ოჯახურ ბიზნესში დარჩენა გადაწყვიტა და Rolls-Royce-ც ერთგვარი მადლობის ჟესტი იყო. სვიფტის თქმით, ამ მოდელზე არჩევანი მას შემდეგ გააკეთა, რაც სპრინგფილდში მდებარე Rolls-Royce-ის ქარხანას ესტუმრა. ქარხანაში მან ავტომობილის დამზადების პროცესი საკუთარი თვალით იხილა. ასევე ნახა, თუ როგორ ამოწმებდნენ ყველა დეტალს, მათ შორის, მანქანის ძრავას. ამ ყოველივეს შემდეგ კი სვიფტი დარწმუნდა, რომ მის ხელში ნამდვილად განსაკუთრებული ხარისხის ავტომობილი მოხვდა.

მომდევნო წლებში Phantom I სვიფტისთვის ყოველდღიური გადაადგილების ძირითად საშუალებად იქცა. 1928 წლიდან 1958 წლამდე ავტომოყვარული ამ მოდელს ყოველდღიური მგზავრობებისთვის იყენებდა, ხოლო ამის შემდეგაც დიდი მონდომებით უვლიდა. 2003 წლისთვის „როლსის“ ოდომეტრი უკვე 277 000 კილომეტრს ითვლიდა.
სვიფტის საყვარელი ავტომობილისადმი ერთგულება Rolls-Royce-მაც სათანადოდ დააფასა. 1994 წელს კომპანიამ მას განსაკუთრებული ჯილდო — ბროლისგან დამზადებული Spirit of Ecstasy გადასცა. ეს ყველასათვის კარგად ნაცნობი ფიგურაა, რომელიც Rolls-Royce-ის ავტომობილების კაპოტს ამშვენებს.

ალენ სვიფტი 2005 წელს, 102 წლის ასაკში, გარდაიცვალა. მისი ლეგენდარული 1928 წლის Rolls-Royce Phantom I კი დღეს სპრინგფილდის ისტორიის მუზეუმში ინახება და, რა თქმა უნდა, ერთგულებისა და ავტომობილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულის სიმბოლოდ მიიჩნევა.