კლასიკური Mercedes-Benz G-Class თანამედროვე შესაძლებლობებით | EMC-მ ახალი რესტომოდი წარადგინა
ამერიკულმა კომპანია Expedition Motor Company-მ (EMC) კლასიკური გერმანული SUV-ის, Mercedes-Benz G-Class-ის, კიდევ ერთი განახლებული ვერსია, ე.წ. „რესტომოდი“, წარმოადგინა. ავტომობილი ერთი შეხედვით ქარხნულ 250GD-ს წააგავს, თუმცა მთავარ სიახლეს კორპუსის მიღმა მალავს.

EMC თავის ახალ პროექტს „ეპოქის შესაბამისად“ მოიხსენიებს, მაგრამ ბოლომდე ვერ ვიტყვით, რომ ეს შეფასება 100%-ით ზუსტია. რეალურად, ამ კლასიკური დიზაინის მიღმა თანამედროვე სამყაროს შესაძლებლობები იმალება.
ავტომობილი Mercedes-Benz-ის ქარხნული, 2.5-ლიტრიანი OM605a ტურბოდიზელის 5-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი. თუმცა EMC-ის მიერ ეს უკანასკნელიც რადიკალურადაა მოდიფიცირებული. განახლებული ორმაგი გამანაწილებელი ლილვების, ახალი ტურბოკომპრესორისა და სხვა ტექნიკური ცვლილებების საშუალებით ავტომობილის სიმძლავრე ახლა 225 ცხენის ძალამდეა გაზრდილი. შედარებისთვის, სტანდარტული ვერსია დაახლოებით 150 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

გაზრდილი სიმძლავრე კი, რა თქმა უნდა, მძღოლებს ბევრად უკეთეს მართვის გამოცდილებასაც სთავაზობს. და იმის მიუხედავად, რომ თავად კომპანია პროექტს რესტავრაციას უწოდებს, ტექნიკური ცვლილებების მასშტაბიდან გამომდინარე, მას რესტომოდის სტატუსი უფრო შეეფერება.
რაც შეეხება ვიზუალურ მახასიათებლებს: მოდელი Magma Beam Orange-ის ფერშია შეღებილი და ახალი შავი ფერის დეტალებითაა გაფორმებული. მათ შორისაა ფოლადის წინა ბამპერი, საბურავების გაფართოებული თაღები, დამცავი კარკასი და 17-დუიმიანი Stahl-ის დისკები.

სრულიად განახლებულია ინტერიერიც. სალონი Doppio-სა და Nasturtium-ის ფერებში შესრულებული ტყავითაა მოპირკეთებული, ხოლო დეკორად მუხის ხის ელემენტებია გამოყენებული. ახალი დეტალები და მასალები ავტომობილის ინსტრუმენტთა დაფასა და საჭეზეც გრძელდება.
შედეგად, ავტომობილი ვიზუალურად კლასიკური G-Class-ის იერსახეს ინარჩუნებს. თუმცა ტუნერი მას გაძლიერებული ძრავით გვთავაზობს, რაც მძღოლს სრულიად განსხვავებულ დინამიკასა და მართვის გამოცდილებას სთავაზობს.