უკრაინაში დაზიანებულმა VW Touareg-მა ბალისტიკური რაკეტის აფეთქებასაც გაუძლო
უკრაინაში, ბალისტიკური აფეთქების შედეგად, Volkswagen Touareg-ი ძლიერ დაზიანდა. გერმანული ავტომობილი აფეთქების ეპიცენტრთან ახლოს იყო გაჩერებული და დაზიანებები, რომლებიც SUV-ს მიადგა, ფოტოებზე თავადაც შეგიძლიათ იხილოთ. თუმცა, გასაკვირი ამ შემთხვევაში სულ სხვა რამეა. კერძოდ კი ის, რომ მსგავსი ძლიერი აფეთქების მიუხედავად, Touareg-ის ძრავა უპრობლემოდ ამუშავდა და ადგილის დატოვებაც საკუთარი ძალებით შეძლო.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა ორგანიზაცია EMG Group-მა გაავრცელა. მანვე ატვირთა სოციალურ ქსელში დაზიანებული ავტომობილის ფოტოებიც. როგორც ცნობილია, მესამე თაობის Touareg-ი შემთხვევის ადგილთან ახლოს იყო გაჩერებული, რის გამოც აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა ავტომობილს მძიმე დაზიანებები მიაყენა.
View this post on Instagram
ფოტოებიდანაც ჩანს, რომ Touareg-ის სახურავი ჩაზნექილია, მანქანის კორპუსის ნაწილი დეფორმირებულია, ძარის უმეტესი ნაწილი დაზიანებულია, ხოლო მინები მთლიანად ჩამსხვრეული. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი აფეთქების მომენტში გაჩერებული იყო, არც დაქოქილი ყოფილა და მანქანაში არც მგზავრები იმყოფებოდნენ, უსაფრთხოების ბალიშები მაინც გაიხსნა.
ყველაზე გასაოცარი კი ის ფაქტი აღმოჩნდა, რომ მძღოლმა ავტომობილში ჩაჯდომის შემდეგ VW-ის 3-ლიტრიანი ტურბო V6 ძრავა შეფერხების გარეშე, ღილაკის გამოყენებით დაქოქა. ამის შემდეგ კი ავტომობილი საკუთარი ძალით, გარეთ მყოფი პირების დახმარების გარეშე, ადგილიდან დაიძრა. აფეთქების მიუხედავად, მუშაობდა Touareg-ის ელექტრონული სისტემების დიდი ნაწილიც. მათ შორის სრულად ჩაიტვირთა Innovision Cockpit-ის ციფრული ეკრანები, ფუნქციონირებდა კლიმატკონტროლი, ელექტროსავარძლები და გარე განათება. თუმცა, სენსორების დიდი ნაწილი და მძღოლის დამხმარე სისტემების ნაწილი დაზიანებული იყო, რის გამოც ციფრულ პანელზე არაერთი გამაფრთხილებელი ნიშანიც გამოჩნდა.
თუმცა, როგორც ჩანს, აფეთქების სიძლიერეს MLB Evo-ს პლატფორმა და V6 ძრავა გადაურჩა. ვიზუალური დათვალიერებით, დაუზიანებელი დარჩა ძარისა და ავტომობილის ქვედა მხარის დიდი ნაწილი, თუ არ ჩავთვლით გამონაბოლქვის სისტემას, რომელიც ფაქტობრივად მანქანას გამოეყო. ვიდეოს სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელების შემდეგ, მომხმარებლების ნაწილი იმასაც კი ამბობდა, რომ ეს Touareg-ი, როგორც გამძლეობის სიმბოლო, Volkswagen-ის მუზეუმში უნდა მოხვდეს. სხვები კი ინტერესდებოდნენ, შესაძლებელია თუ არა ავტომობილის აღდგენა, თუ მფლობელს საბოლოოდ მაინც მისი ჯართად ჩაბარება მოუწევს.
თუმცა ერთი რამ ფაქტია — ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ გამძლეობის თვალსაზრისით მხოლოდ Toyota Hilux-ი და Toyota Land Cruiser-ი ვერ დაიკვეხნიან ლეგენდარული რეპუტაციით. თან მაშინ, როდესაც ავტოინდუსტრიაში გერმანული კომპანიებიც არსებობენ. ამის მაგალითი სწორედ ეს Volkswagen Touareg-ია, რომელმაც მძიმე დაზიანებების მიუხედავად, შთამბეჭდავი გამძლეობა გამოავლინა.