ავსტრალიელი მილიონერის ფერარი შეჯახებამ შუაზე გაგლიჯა, მძღოლი კი უვნებლად გადარჩა
2006 წელს, კალიფორნიაში, წყნარი ოკეანის სანაპირო მაგისტრალზე მომხდარი ავარიისას Ferrari Enzo შუაზე გაიპო. ოცი წლის შემდეგ, აღნიშნული ბედი იტალიური ბრენდის კიდევ ერთმა სუპერქარმა გაიზიარა — ამჯერად ავსტრალიაში.
ინციდენტი შაბათს, დილის 09:15 საათზე მოხდა. Ferrari SF90 Spider-ის საჭესთან, რომლის ღირებულებაც 1-დან 1.5 მილიონ ავსტრალიურ დოლარამდეა, ადგილობრივი უძრავი ქონების ინვესტორი და ინფლუენსერი, სემ გორდონი იჯდა. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილიდან გადაღებული კადრები საზარელ სურათს ასახავს, გორდონი ავტომობილიდან ნაკაწრის გარეშე გადმოვიდა.
ასევე იხილეთ: რა არის Ferrari-ის შავი სია და ვინ არიან მასში?
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოები და ვიდეოები მოწმობს, რომ 20 წლის წინანდელი Enzo-ს მსგავსად, SF90 Spider-იც დარტყმის შედეგად შუაზე გაიხლიჩა. News.com.au-ს ცნობით, ავტომობილი ხეს შეეჯახა. Ferrari-ს წინა ნაწილი გზის პირას, ბალახზე დავარდა, ხოლო უკანა ნაწილი — ორმაგი ტურბოჩაბერვის V8 ძრავით, ტრანსმისიითა და ჰიბრიდული სისტემის კომპონენტებით — დაახლოებით ოთხიოდე მეტრის მოშორებით ეგდო. საინტერესოა, რომ ავტომობილის წინა ნაწილის უმეტესობა თითქმის დაუზიანებელი დარჩა — ეტყობა, რომ წინა დისკებმა, ბამპერმა, კაპოტმა და მაშუქებმა პირდაპირი დარტყმა აირიდეს.
სხვა შუაძრავიანი სუპერქარების მსგავსად, Ferrari-ს უკანა ნაწილი (ძრავისა და ტრანსმისიის ჩათვლით) ავტომობილის ნახშირბადის ბოჭკოსა და ალუმინის მონოკოკურ შასიზე სპეციალური სამაგრებითაა მიერთებული. ეს კონსტრუქციული გადაწყვეტა გვერდითი დარტყმის ენერგიის შთანთქმასა და მგზავრთა უსაფრთხოებას ემსახურება.
ავარიის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ SF90 მთელი 986 ცხენის ძალას გამომუშავებს, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რა მოხდა. საბედნიეროდ, ინციდენტში სხვა ავტომობილები ან ქვეითად მოსიარულეები არ დაზარალებულან — მიუხედავად იმისა, რომ შეჯახება საფეხმავლო ბილიკიდან სულ რამდენიმე მეტრში მოხდა.
View this post on Instagram
ავარიიდან მალევე, გორდონმა სოციალურ ქსელში დაადასტურა, რომ სრულიად უვნებელია და Ferrari-ს ინჟინრებს მადლობა გადაუხადა ასეთი ავტომობილის შექმნისთვის, რომელმაც ისეთი მძლავრი დარტყმის მიუხედავად გადაარჩინა, რომელმაც კორპუსი შუაზე გაგლიჯა.