ფორმულა 1, უსაფრთხოების მანქანა
Aa
Aa

Formula 1-ში ახალი უსაფრთხოების მანქანა გამოჩნდა | და ის წინამორბედზე ნელია

უნგრეთის გრან-პრიზე Formula 1-ის უახლესი უსაფრთხოების მანქანის დებიუტი შედგა. Mercedes-AMG GT 63 PRO 4MATIC+-მა ჩემპიონატში ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი Mercedes-AMG GT Black Series-ი ჩაანაცვლა. მართალია, ეს უკანასკნელი მის ალტერნატივაზე მძლავრია, თუმცა არც ის ტექნოლოგიური უპირატესობები უნდა დავივიწყოთ, რომლებსაც GT 63 PRO გვთავაზობს.

Formula 1-ის ახალი უსაფრთხოების მანქანა 4-ლიტრიანი ტურბოდაბერვის V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 612 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. შედარებისთვის, მისი წინამორბედი, AMG GT Black Series-ი, 730 ცხენის ძალას ავითარებდა. შემცირებულია მაქსიმალური სიჩქარეც — ახალი უსაფრთხოების მანქანა 317 კმ/სთ-ს აღწევს, მაშინ როდესაც Black Series-ს 325 კმ/სთ-ის განვითარება შეეძლო. დიდი ალბათობით, ის 0-დან 100-მდეც შედარებით უფრო ნელა ჩქარდება.

თუმცა, როგორც გერმანული ავტომწარმოებელი ამბობს, ახალი მოდელის მთავარი უპირატესობა არა მისი სიმძლავრე, არამედ მართვის შესაძლებლობებია. GT 63 PRO 4MATIC+ პირველი უსაფრთხოების მანქანაა Formula 1-ში, რომელიც ცვლადი სრულამძრავიანი (4MATIC+) სისტემითაა აღჭურვილი. 4MATIC+ სისტემა 850 ნიუტონმეტრ მაბრუნებელ მომენტს წინა და უკანა ღერძებს შორის საჭიროებისამებრ ანაწილებს — ეს კი განსაკუთრებით გამოსადეგია რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში, როდესაც უსაფრთხოების მანქანაც ტრასაზე განსაკუთრებით ხშირად ჩნდება.

მართვის გაუმჯობესებისთვის, გერმანულმა ავტომწარმოებელმა ახალი მოდელი AMG Ride Control-ის აქტიური სტაბილიზაციის სისტემითაც აღჭურვა, ასევე კერამიკული მუხრუჭებითა და გაუმჯობესებული აეროდინამიკური ელემენტებით. ხოლო აქტიური უკანა სპოილერი მაღალ სიჩქარეზე ავტომობილის სტაბილურობას ზრდის.

ახალ უსაფრთხოების მანქანას კვლავ გამოცდილი გერმანელი შტურმანი, ბერნდ მაილენდერი, მართავს, რომელიც ამ როლს უკვე მრავალი წელია ასრულებს.

ცნობისთვის, Mercedes-Benz-ის პირველი უსაფრთხოების მანქანა „ფორმულა 1“-ში Mercedes C 36 AMG იყო, რომლის დებიუტიც 1996 წელს შედგა. მას შემდეგ Formula 1-ში Safety Car-ის ფუნქცია Mercedes-ის 13 სხვადასხვა მოდელმა შეასრულა, მათ შორის CLK, CL, SL, SLK, SLS და AMG GT.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები