გერმანული ავტომწარმოებლები გერმანიიდან გარბიან — პორშე რჩება
Mercedes-Benz-ს ძალიან უყვარს იმის შეხსენება, რომ პირველი ავტომობილი გერმანიაში სწორედ მან შექმნა, თუმცა დღეს გერმანია ავტომობილების ასაწყობად სულ უფრო ძვირადღირებული ადგილი ხდება. გერმანული გიგანტი სწრაფი ტემპით აფართოებს წარმოებას უნგრეთში, სადაც ხარჯები 70 პროცენტით დაბალია, პარალელურად კი გერმანელ თანამშრომლებს სთხოვს, მეტი იმუშაონ იმავე ანაზღაურების სანაცვლოდ.
ასევე იხილეთ: Mercedes-ის დაბადება, ისტორია რომელმაც შეცვალა სამყარო
უნგრეთში, კეჩკემეტის ქარხანამ წლიური წარმოება გააორმაგა და 400 000 ავტომობილს მიაღწია. ამით ის Mercedes-ის ყველაზე დიდ ევროპულ და გლობალურად — პეკინის შემდეგ — მეორე უდიდეს საწარმოდ იქცა. უნგრულმა საწარმომ პირველი ავტომობილი 14 წლის წინ გამოუშვა, დღეს კი იქ 5000-მდე ადამიანია დასაქმებული და კიდევ 3000 კადრის დამატება იგეგმება.
იმავდროულად, Mercedes-ი გერმანიაში სამუშაო ადგილებსა და წარმოების მოცულობას ამცირებს. მიზეზი მარტივი გასაგებია: გამოცემა Handelsblatt-ის ცნობით, გერმანული ავტომწარმოებლის გათვლებით, უნგრეთში წარმოება 70%-ით იაფი ჯდება. Eurostat-ის მონაცემებით, გერმანიაში სამრეწველო სექტორში საათობრივი შრომის ღირებულება 49.50 ევროს შეადგენს, უნგრეთში კი — სულ რაღაც 15.60 ევროს. გარდა ამისა, უნგრელი თანამშრომლები წლიურად საგრძნობლად მეტს მუშაობენ: ქვეყანაში ნაკლები უქმე დღეა, ხოლო კონტრაქტი 40-საათიან სამუშაო კვირას ითვალისწინებს. გერმანელი ავტომწარმოებლები კი 90-იანი წლების შუა პერიოდიდან 35-საათიანი გრაფიკით მუშაობენ.

შკეჩკემეტი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ბიუჯეტური მოდელების აწყობით, როგორც ეს პირველ წლებში ხდებოდა. ახლა იქ GLB-სთან ერთად C-Class-იც იწყობა, ხოლო მომავალი კომპაქტური G-Class-ი ექსკლუზიურად უნგრეთში დამზადდება. გარდა ამისა, ქარხანაში Mercedes-ის ბესტსელერის — GLC-ის გამოშვებაც იგეგმება.
სამშობლოში კი სულ სხვა განწყობაა. 18 000-მდე თანამშრომელი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ, რაც Mercedes-მა ხარჯების შემცირების გეგმა გაამკაცრა. მენეჯმენტს შრომითი ხარჯების შემცირება სურს, რაც სპეციალური დანამატების გადახედვასა და თანამშრომლებისგან იმავე ანაზღაურების სანაცვლოდ მეტი პროდუქტიულობის მოთხოვნას გულისხმობს. Mercedes-ი ერთადერთი როდია. გერმანულ წარმოებაზე დამოკიდებულებას Volkswagen-იც ამცირებს. Passat-ის აწყობა უკვე გადავიდა სლოვაკეთში, ხოლო ევროპული Golf-ის წარმოება 2027 წლიდან მექსიკაში გადაინაცვლებს.

Porsche მიიჩნევს, რომ ადგილმდებარეობას მნიშვნელობა აქვს
Porsche-ში კი თანემემამულეებივით არ ფიქრობენ. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია მოგების, გაყიდვების კლებისა და ჩინეთის ბაზარზე პოზიციების შესუსტების წინაშე დგას, ის განიხილავს Cayenne-ის წარმოების სლოვაკეთიდან ლაიფციგში გადატანას, სადაც უკვე იწყობა შედარებით მცირე Macan-ი. ახალი ხელმძღვანელი, მიხაელ ლაიტერსი მიიჩნევს, რომ გერმანული წარმოება კვლავ ცენტრალური ფაქტორია იმ მოლოდინებში, რაც მყიდველს Porsche-ს მიმართ აქვს.
„ჩვენ ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ და დავამტკიცოთ, რომ ფრაზას — „წარმოებულია გერმანიაში“ დიდი ძალა აქვს. საბოლოო ჯამში, ჩვენს წარმატებას სწორედ ეს განსაზღვრავს“, — განაცხადა ლაიტერსმა გასულ თვეში.

თუმცა, აქ ერთი დიდი პრობლემაა — Cayenne-ის წარმოების სამშობლოში დაბრუნება იმაზეა დამოკიდებული, დათანხმდებიან თუ არა გერმანელი მუშები ხელფასების შემცირებას, ხოლო Porsche-მ, შესაძლოა, 2035 წლისთვის ათასობით სამუშაო ადგილი მაინც გააუქმოს.
Mercedes-ი ამტკიცებს, რომ უნგრეთის ქარხნის გაფართოება საბოლოოდ მთლიან კომპანიას აძლიერებს. წარმოების ხელმძღვანელმა, მიხაელ შიბემ Handelsblatt-ს განუცხადა, რომ ეს ნაბიჯი ავტომწარმოებელს გერმანიაში სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში ეხმარება და ხაზგასმით აღნიშნა: „ეს არ არის უნგრეთის დაპირისპირება გერმანიასთან“.
მაგრამ იმ ფონზე, როდესაც გერმანული ავტომწარმოებლები მოგების ვარდნასა და ჩინელი კონკურენტების მზარდ ზეწოლას განიცდიან, მთავარი კითხვა სულ უფრო აქტუალური ხდება: სინამდვილეში რა ფასი აქვს წარწერას — Made in Germany და ვინ არის მზად, ამაში დამატებითი თანხა გადაიხადოს?
ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?