VW Motorsport-მა საიუბილეო თარიღს 1000-ცხენისძალიანი Golf-ი მიუძღვნა
თუ ბოლო ცნობებს დავუჯერებთ, Volkswagen-ი შესაძლოა Golf R-ის კიდევ უფრო მძლავრი ვერსიის გამოშვებას გეგმავდეს, რომელიც Audi RS3-ის 2.5-ლიტრიან, 5-ცილინდრიან ტურბოძრავას გამოიყენებს და 400-ზე მეტ ცხენის ძალას გამოიმუშავებს. სავარაუდოდ, სწორედ ამ პოტენციური მოდელით შთაგონებულმა სამხრეთ აფრიკის VW Motorsport-მა ახლახან წარმოადგინა მიმდინარე, მერვე თაობის Golf-ის, ალბათ, ყველაზე ექსტრემალური ინტერპრეტაცია.
ასევე იხილეთ: 10 საუკეთესო „ცხელი ჰეჩბეკი“, რომელმაც დროს გაუძლო
სამხრეთ აფრიკაში გერმანული ბრენდის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად შექმნილი ეს გიჟური პროექტი მაქსიმალურადაა დაშორებული იმისგან, რასაც საზოგადოებრივ გზებზე შეხვდებით. ის სპეციალურად აღმართის დაძლევისთვის აიგო, ხოლო მისი დებიუტი გასულ უქმეებზე, საჭესთან ჯონათან მოგოცის მონაწილეობით შედგა.

ინჟინერთა გუნდმა ჩათვალა, რომ Golf-ის სტანდარტული, EA888 სერიის 2.0-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ტურბოძრავა დასახული ამოცანისთვის საკმარისი არ იყო, რის გამოც ის Audi-ს 2.5-ლიტრიანი 5-ცილინდრიანი აგრეგატით ჩაანაცვლეს. უბრალო „სვაპიც“ კი საკმარისი იქნებოდა RS3-ის ქარხნული სიმძლავრის შესანარჩუნებლად, თუმცა ინჟინრებმა თამასა სულ სხვა სიმაღლეზე ასწიეს.
ჰიპერქარის სიმძლავრე
ეს 2.5-ლიტრიანი ძრავა ახლა 1000 ცხენის ძალაზე მეტს გამოიმუშავებს. Volkswagen-ს დეტალურად არ განუმარტავს, თუ როგორ შეძლო აგრეგატიდან ასეთი კოლოსალური სიმძლავრის ამოღება, თუმცა პროცესი აშკარად მოიცავდა ნაჭედ შიდა კომპონენტებსა და გაზრდილ ტურბოკომპრესორს. ავტომობილს ასევე აქვს ნახშირბადის ბოჭკოს ჰაერმიმღები და ექსკლუზიური გამოსაბოლქვი სისტემა, რომლის მილებიც პირდაპირ წინა ბამპერიდან გამოდის.

ვინაიდან ეს Golf-ი საგზაო მოძრაობისთვის არ შექმნილა, VW Motorsport-ს ექსტერიერის რადიკალურად გარდაქმნის სრული თავისუფლება ჰქონდა. ავტომობილმა მიიღო აგრესიული წინა ბამპერი, გაფართოებული თაღები და უზარმაზარი სპოილერი დიფუზორთან ერთად. მიმჭერი ძალის კონკრეტული ციფრები არ გამოქვეყნებულა, თუმცა აეროდინამიკა აშკარად საკმარისია იმისთვის, რომ ეს მონსტრი ასფალტს საიმედოდ ებღაუჭებოდეს.