BYD იაპონიის „კეი-ქარების“ ბაზარზე შედის | Nissan-ს ახალი კონკურენტი ჰყავს
ჩინურმა ავტომწარმოებელმა BYD-მ იაპონიის ბაზარზე ახალი ელექტრო მინიავტომობილი, სახელად Racco, წარადგინა. კომპანიის მოლოდინებით, ახალი მოდელი მათ იმ ბაზარზე პოზიციების გამყარებაში დაეხმარება, სადაც 2023 წელს, სამგზავრო ავტომობილების სეგმენტში შესვლის შემდეგ, ჯერ მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არ მიუღწევია.
ასევე დაგაინტერესებთ: რატომ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?
BYD-ის განცხადებით, სუბსიდიებისა და გადასახადების გათვალისწინებით, Racco-ს საბაზისო ვერსიის შეძენა მომხმარებელს 2 მილიონ იენზე ნაკლები დაუჯდება, რაც დაახლოებით 12 200 აშშ დოლარია. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ფასობრივი ზღვარი იაპონიის მომხმარებლების მოსაზიდად კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ხოლო ავტომობილის რეკომენდებული საცალო ფასი 1.95 მილიონი იენიდან იწყება, რაც იაპონიის ბაზარზე ჩინური ელექტრომობილის მთავარი კონკურენტის, Nissan Sakura-ს ოფიციალურ ფასზე დაბალია. თუმცა, რადგან BYD ადგილობრივი კომპანია არაა და, შესაბამისად, ნაკლებ სახელმწიფო სუბსიდიას იღებს, საბოლოოდ Sakura მომხმარებლისთვის მაინც უფრო იაფი გამოდის.
Mizuho Bank-ის უფროსი მკვლევარის, ტანგ ჯინის, განცხადებით, Racco-ს ფასი პირდაპირ მიუთითებს, თუ რამდენად სერიოზულად უდგება BYD იაპონიის ბაზარზე განვითარებას.
ჩინური კომპანიის მიზანი 2026 წლის ბოლოსთვის Racco-ზე სულ მცირე 10 000 შეკვეთის მიღებაა. BYD Auto Japan-ის პრეზიდენტის, აცუკი ტოფუკუჯის, თქმით, მათ მიერ დასახული მიზანი კომპანიის თავდაჯერებულობასა და მონდომებას ეფუძნება, ვიდრე კონკრეტულ და დეტალურ ბაზრის ანალიზს.
ახალი Racco ერთი სრული დამუხტვით 320 კილომეტრამდე მანძილს გადის, რაც მსგავსი პატარა ზომის ელექტრომობილისთვის საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ეს ასევე პირველი ელექტრო კეი-ქარია, რომელიც უკანა სრიალა კარითაა აღჭურვილი — ფუნქციით, რომელიც იაპონიაში განსაკუთრებით პოპულარულია.
ცნობისთვის, კეი-ქარები მცირე ზომის ავტომობილების კატეგორიაა, რომელიც იაპონიის საავტომობილო ბაზრის დაახლოებით მესამედს შეადგენს. ამ სეგმენტის ლიდერები კი ძირითადად ადგილობრივი მწარმოებლები Honda და Suzuki არიან. აქვე საინტერესოა, რომ 2025 წლის ბოლოსთვის BYD-ს იაპონიაში — 2023 წელს ბაზარზე შესვლის შემდეგ — 7 400-ზე მეტი ავტომობილი ჰყავდა გაყიდული. რა თქმა უნდა, ჩინური კომპანიისთვის ეს საკმარისი არაა, თუმცა ბაზარზე ადგილობრივი მარკების დომინანტობა, ალბათ, მასაც კი მიზნის მიღწევას გაურთულებს.