თბილისი, გზების რეაბილიტაცია, თბილისის მერია, რუსთაველის გამზირი
Aa
Aa

რა ეტაპზეა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესი?

როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მთლიანად დასრულებულია ასფალტის საფარის მოფრეზვის სამუშაოები, რაც პროექტის საწყისი ეტაპი იყო. ხოლო უკვე მეორე დღიდან GWP-მ წყალმომარაგებისა და წყალარინების მოძველებული ქსელების სრულმასშტაბიანი განახლება დაიწყო. როგორც სხდომაზე კალაძემ განაცხადა, ეს არის პროექტი, რომელმაც ათეულ წლებს უნდა გაუძლოს.

„რუსთაველის გამზირის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები 23 ივლისს დაიწყო, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდა. მეორე დღიდანვე ობიექტზე შევიდა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რომელმაც წყალმომარაგებისა და წყალარინების მოძველებული ქსელების სრულმასშტაბიანი განახლება დაიწყო. ეს მომავალში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გამზირის საინჟინრო ინფრასტრუქტურას“, – განაცხადა მან სხდომაზე.

მისივე ინფორმაციით, პარალელურად, სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული კონტრაქტორი კომპანია, რომელიც მოაჯირების, ბორდიურებისა და სხვა ინფრასტრუქტურული ელემენტების დემონტაჟს ახორციელებს, რათა მომდევნო ეტაპზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცეები მოეწყოს. ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. ამავდროულად კი, ტროტუარზე დაწყებულია კაბელარხების მოწყობაც, სადაც შემდგომ ელექტროსადენები განთავსდება.

„აღსანიშნავია, რომ ყველა სამუშაო ერთდროულად, რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება, რაც პროექტის შესრულების ტემპს მნიშვნელოვნად აჩქარებს. ობიექტზე ღამის საათებში ხდება შეგროვებული მასალის გატანა, ასევე, ახალი სამშენებლო მასალის შეტანა, რათა დღის განმავლობაში დიდი მანქანების მოძრაობა შეზღუდული იყოს. შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით. სხვანაირად მსგავსი ტიპის სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია“, – განაცხადა მან.

ცნობისთვის, უწყებაში გუშინ BM.GE-ს განუცხადეს, რომ რუსთაველის გამზირზე სამუშაოების ეტაპობრივად, მოძრაობის ნაწილობრივი შენარჩუნების პირობებში წარმოება სარეაბილიტაციო პროცესს მნიშვნელოვნად გაახანგრძლივებდა.

„მსგავსი მოცულობისა და სირთულის ინფრასტრუქტურული პროექტი აღნიშნულ გამზირზე პრაქტიკულად პირველად ხორციელდება. სამუშაოების მასშტაბის, სპეციფიკისა და პროექტით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, სარეაბილიტაციო არეალზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეზღუდულიყო.

სამუშაოების ეტაპობრივად, მოძრაობის ნაწილობრივი შენარჩუნების პირობებში წარმოება მნიშვნელოვნად გაახანგრძლივებდა სარეაბილიტაციო პროცესს, შეაფერხებდა სამშენებლო სამუშაოების უწყვეტ რეჟიმში შესრულებას. საავტომობილო მოძრაობის დროებით სრულად შეზღუდვა კი საშუალებას გვაძლევს, მაქსიმალურად სწრაფი ტემპით ვაწარმოოთ გამზირზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები“, — ნათქვამია განცხადებაში.

წყარო - თბილისის მერია 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები