BMW-მ არასრულ ერთ წელიწადში 100 000 iX3 გაყიდა
მეორე თაობის BMW iX3-ის დებიუტიდან წელიწადზე ნაკლები დრო გავიდა, თუმცა ელექტრო ქროსოვერი უკვე ბესტსელერად იქცა. ევროპაში, სულ რამდენიმე თვეში, 10 000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა, კომპანიაში კი შეკვეთების ნამდვილი ბუმის ფონზე განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში 100 000-იან ნიშნულს გადააჭარბებენ.
ასევე იხილეთ: BMW-ს ბურუსით მოცული წარსული და აქამდე უცნობი ფაქტები
მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად BMW-მ უნგრეთში, დებრეცენის ქარხანაში წარმოების ტემპი საგრძნობლად დააჩქარა. წარმოება გასულ შემოდგომაზე დაიწყო, ხოლო შეკვეთების სიმრავლის გამო კომპანიას 2026 წლის თებერვალში მეორე ცვლის დამატება დასჭირდა — რაც, ბრენდის განცხადებით, „გეგმით გათვალისწინებულზე ბევრად ადრე“ მოხდა.
წარმოების ასეთი სწრაფი გაფართოების წყალობით, BMW-მ უკვე გამოუშვა რიგით 50 000-ე iX3. ეს ეტაპი წარმოების დაწყებიდან სულ რაღაც ცხრა თვეში დადგა, რაზეც BMW-ს წარმომადგენელმა, რაიმონდ ვიტმანმა აღნიშნა: „ახალ ქარხანაში ასე სწრაფად ასეთი რაოდენობის ავტომობილი არასდროს გვიწარმოებია“.

მის პოზიციას იზიარებს დებრეცენის ქარხნის პრეზიდენტი ჰანს-პეტერ კემსერიც: „50,000-ე BMW iX3-ის გამოშვება ჩვენი გუნდის თავდადებასა და პროფესიონალიზმზე მეტყველებს. როგორც Neue Klasse-ს სერიული მოდელის პირველი სახლი, დებრეცენის საწარმო უშუალო მონაწილეობას იღებს BMW Group-ის გლობალური წარმოების მომავლის ფორმირებაში“. BMW-სთვის iX3-ს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან 2027 წლის ბოლომდე 40 ახალი თუ განახლებული მოდელი სწორედ Neue Klasse-ს დიზაინსა და ტექნოლოგიებს დაეყრდნობა.

შეგახსენებთ, რომ ქროსოვერის დებიუტი iX3 50 xDrive ვერსიით შედგა, რომელიც 108.7 კვტ/სთ მოცულობის ელემენტითა და ორძრავიანი სრული ამძრაობის სისტემითაა აღჭურვილი. მისი ჯამური სიმძლავრე 463 ცხენის ძალას შეადგენს, მაბრუნი მომენტი კი 645 ნიუტონს უტოლდება.

სულ ახლახან კი ავტომწარმოებელმა შედარებით ხელმისაწვდომი iX3 40 წარადგინა. ის აღჭურვილია შედარებით მცირე, 82.6 კვტ/სთ მოცულობის ელემენტითა და უკანა ღერძზე განთავსებული ელექტროძრავით, რომელიც 316 ცხენის ძალასა და 500 ნიუტონს გამოიმუშავებს. ეს მონაცემები ქროსოვერს საშუალებას აძლევს 0-დან 100 კმ/სთ-მდე 5.9 წამში აჩქარდეს, განავითაროს მაქსიმალური 200 კმ/სთ სიჩქარე და ერთ სრულ დამუხტვაზე 636 კილომეტრამდე გაიაროს.