Marvel-მა Audi BMW-ით ჩაანაცვლა? | Spider-Man-ში iX3 და მეხუთე სერია გამოჩნდება
BMW-ის ახალი მოდელები Marvel-ის კინოსამყაროს გმირები გახდებიან.
Marvel-ის ახალი ფილმი, Spider-Man: Brand New Day (ადამიანი-ობობა: ახალი დღე), კინოთეატრების ეკრანებზე 31 ივლისიდან გამოვა. ამ კონკრეტულ ნამუშევარზე კი, Marvel-ის ერთ-ერთი მთავარი საავტომობილო პარტნიორი გერმანული ავტომწარმოებელი BMW იქნება. მიუნხენში ბაზირებული კომპანიის განცხადებით, ფილმში ახალი BMW iX3 და მეხუთე სერია გამოჩნდება, რაც ბრენდს მსოფლიოს მრავალმილიონიან აუდიტორიასთან დააკავშირებს.


წარსულში Marvel-ის კინომატოგრაფიულ სამყაროში მნიშვნელოვან ადგილს Audi, Acura და Lexus-ი იკავებდნენ. განსაკუთრებით კი, თავი ალბათ Audi-მ დაგვამახსოვრა, რომლის მოდელებიც Iron Man-ის (რკინის კაცი) პირველივე ფილმიდან Marvel-ის არაერთ პროექტში გამოჩნდა. თუმცა, ბოლო წლებში მსგავსმა პარტნიორობებმა აქტუალობა დაკარგა.
რაც შეეხება ფილმს, მთავარ როლს კვლავ ტომ ჰოლანდი შეასრულებს. მასთან ერთად, ეკრანზე დაბრუნდებიან ზენდეია და ჯეიკობ ბატალონი, ხოლო მსახიობთა შემადგენლობას მარკ რუფალო (Hulk) და ჯონ ბერნთალი (Punisher) შეავსებენ.

BMW-ის განცხადებით, Marvel-თან პარტნიორობა მიუთითებს კომპანიის მიზანზე, ტექნოლოგიური ინოვაციები თანამედროვე პოპკულტურას დაუკავშიროს. კომპანიის განცხადებით, „ადამიანი-ობობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სუპერგმირია, ხოლო ფილმის პირველმა ტრეილერმა გამოქვეყნებიდან მხოლოდ ოთხ დღეში მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა“.
ასევე დაგაინტერესებთ: Top-10 საუკეთესო ავტომობილი ფილმებიდან
როგორც BMW-ის გაყიდვების უფროსმა, ბერნდ კერბერმა განაცხადა, Neue Klasse-ის ახალი მოდელების დებიუტისა და Spider-Man: Brand New Day-ს პრემიერის დამთხვევაც სიმბოლურია, რადგან ორივე მათგანი „ახალ დასაწყისსა და მომავლისადმი თავდაჯერებულ ხედვას“ წარმოადგენს.
ფილმის პარტნიორობის გარდა, BMW მომხმარებლებისთვის სპეციალურ სიახლეებსაც ამზადებს. მაგალითად, BMW-ის ზოგიერთ თავსებად მოდელში პროგრამული განახლების შემდეგ Spider-Man-ის თემატიკის ანიმაცია იქნება ხელმისაწვდომი. დამატებით კი, განახლდა iX3 Flow-ს კონცეპტუალური ვერსია და მისი E Ink-ტექნოლოგიის წყალობით, პანელების Spider-Man-ის სტილში გაფორმებაც იქნება შესაძლებელი.